საარჩევნო სისტემა

ბოკერია: სისულელეა, რომ მაჟორიტარებს ვერ ამცირებენ, მშვენივრად შეამცირებენ ოცამდეც

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, იმ შეხვედრის შესახებ, რომლის შესახებაც არჩილ თალაკვაძემ დღეს ისაუბრა, ინფორმაცია არ აქვს. თალაკვაძემ დღეს თქვა, რომ ორშაბათამდე შეხვდებიან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და შეეცდებიან საბოლოო შეთანხმებას მიაღწიოს საარჩევნო სისტემაზე. 

ბოკერია ამბობს, რომ ამ ვითარებაში ოფიციალური მოლაპარაკებები ვერ შედგება, თუმცა კომუნიკაცია შესაძლებელია. ბოკერიას თქმითვე, ხელისუფლებამ გიგი უგულავას დაჭერით მოლაპარაკებები ააფეთქა. მისი თქმით, თუ ოცნება პოზიციას იცვლის, ოპოზიცია მოწადინებულია, რომ ვითარება განიმუხტოს. 

"უნდა იყოს რეალური ძვრა, რაც იქნება ნიშანი, რომ ივანიშვილი გონს მოეგო. თვითონ დაძაბა ვითარება ბრიყვულად, მაგრამ მიზანმიმართულად. თალაკვაძისგან არ მიგვიღია ჩვენ არასდროს მოწვევა, ჩვენ გვეპატიჟებოდნენ ჩვენი ქვეყნის მეგობარი დიპლომატიური წარმომადგენლობა, თალაკვაძე ახლა ვერავის მოიწვევს, სანამ ის პოზიცია აქვს, რაც აქვს. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები, ისინი მოიქცნენ აბსოლუტურად უტიფრად, თავხედურად და თვითონ შექმნეს დამატებითი კრიზისი, როცა მოლაპარაკებების დროს ერთერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურა დამატებით დაიჭირეს, უტიფარი და უკანონო ფორმით, იმის ნაცვლად, რომ გაეშვათ ვინც იქამდე იყო უკანონოდ დაჭერილი," - ამბობს ბოკერია.

ბოკერია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თუ "ოცნებას" შეთანხმება უნდა, ორივე მიმართულებით უნდა მეოგოს გონს ივანიშვილი, უნდა გაუშვან პოლიტპატიმრები და უნდა დათანხმდნენ არსებითად პროპორციულ სისტემაზე.

"ამ სისულელეს, რომ თურმე მაჟორიტარებს ვეღარ შეამცირებენ, არავინ დაიჯერებს, თუ ორმოცამდე ამცირებენ, მშვენივრად შეამცირებენ ოცამდეც, როგორც ამცირებენ, ორი ერთად გააერთიანონ და მორჩა. თუ ვინმე ფიქრობს მართლა, ის უტიფრობა გააკეთოს, რომ დააკლოს მსხვილ ქალაქებს ადგილები და დისპროპორციული გახადს, ეგეც არ გამოვა, ეგ იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი გამწვავებისკენ. ციფრებს აქვს მნიშვნელობა, თუ ვლაპარაკობთ არსებითად პროპორციულზე, 150 იყო პროპორციული და არსებითად პროპორციული არის 130/20. 110/40 არ არის," - ამბობს ბოკერია.

თალაკვაძემ დღეს თქვა, რომ 5-ით მეტი თუ ნაკლები მანდატი იქნება მაჟორიტარულ ან პროპორციულ მხარეს, "ოცნებისთვის" პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არ თანხმდებიან 130/20 პრინციპს, თუ მანდატების რაოდენობა არ არის პრინციპული, თალაკვაძე პასუხობს, რომ მათთვის მიუღებელია მანდატებით და საზოგადოების ინტერესებით ვაჭრობა. 

უმრავლესობის წევრები რამდენიმე დღის წინ ამბობდნენ, რომ მათ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათი თქმით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს.

3 მარტს, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ოპოზიციას მხოლოდ ორი ვარიანტიდან შეუძლია შეარჩიოს სასურველი მოდელი ან 100/50, ან 110/40

რაც შეეხება მაჟორიტარების შემცირებას, "ოცნებაში" ამბობენ, რომ ქვეყანა 40 მაჟორიტარულ ოლზე მეტად გეოგრაფიულად ვერ დაიყოფა.

ამ ორი ვარიანტიდან ოპოზიციისთვის ორივე მიუღებელია და ამბობენ, რომ ეს ვარიანტები არ აკმაყოფილებს 40%-ის პრინციპს. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში.

40%-ის პრინციპზე ოპოზიციურმა პარტიებმა 11 თებერვალს ისაუბრეს, რაც გულისხმობს იმას, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს, როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში, რაზე საუბარსაც მმართველი გუნდის ლიდერები თავს არიდებენ. შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა.

კომენტარები