არჩევნები 2020

თალაკვაძე: რომელიმე მხარემ მართლმსაჯულება პოლიტიკური მოტივებისთვის არ უნდა გამოიყენოს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება უახლოეს დღეებში მოხდება. მისი თქმით, კანონპროექტს აქვს ყველაზე დიდი მხარდაჭერა, რაც ამ მოლაპარაკებების პერიოდში შეიძლება ჰქონოდა.

"მივიღებთ თუ არა ამ ცვლილებას, რა თქმა უნდა, საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება" - აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, "დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შევთანხმდით მთავარ პრინციპზე - მართლმსაჯულება არ უნდა იყოს და ვერ იქნება პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ვერ დაელოდება პოლიტიკურ კალენდარს, რომელიმე მხარე ვერ გამოიყენებს პოლიტიკური მოტივებისთვის". თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ეს შეთანხმების ტექსტშიც ჩაწერეს.

"მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, გამოვთქვამ დიდ იმედს, რომ საარჩევნო წელს არ მოხდება რაიმე ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შეიძლება კიდევ შეკითხვები და მომავალი ახალი განხილვები წარმოშვას ამ პროცესში. რა თქმა უნდა, მართლმსაჯულება არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო. პოლიტიკოსები მასზე ვერანაირ პირდაპირ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ" - ამბობს თალაკვაძე და აღნიშნავს, რომ "პოლიტიკური პატიმარი  - ასეთი ჩანაწერი შეთანხმებაში არ არსებობს". მისი თქმით, "არსებობს ჩანაწერი, რომ მართლმსაჯულება არ უნდა გახდეს რომელიმე მხარის მხრიდან პოლიტიკური მოტივებისთვის გამოყენებული". პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლება თავის პასუხისმგებლობას ამ მიმართულებით ბოლომდე შეასრულებს.

"კონკრეტული სახელები და გვარები ჩვენს შეთანხმებაში არ არსებობს" - ამბობს თალაკვაძე.

კითხვაზე, გაათავისუფლებენ თუ არა პოლიტიკურ პატიმრებს, არჩილ თალაკვაძე პასუხობს - "რაც შეეხება გადაწყვეტილებებს ვინმეს პატიმრობაზე ან გათავისუფლებაზე, ამ გადაწყვეტილებზე პასუხისმგებლები არიან შესაბამისი ინსტიტუტები და ვერანაირი პოლიტიკური მოლაპარაკებები ამაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. მთავარი შეთანხმება - მართლმსაჯულება რჩება და მომავალშიც იქნება პოლიტიკური პროცესისგან დამოუკიდებელი"

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები 8 მარტს შეთანხმებით დასრულდა. შეხვედრაზე სახელისუფლებო და ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმი მიიღეს, რომლის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 120/30-ზე განაწილებით ჩატარდება. 

საარჩევნო სისტემის პროპორციულთან დაახლოების გარდა, ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო, რაზეც, ოპოზიციური ლიდერების თქმით, შეთანხმება ასევე მიღწეულია. 

კომენტარები