ნავთობის ფასი

Goldman&Sachs ნავთობის ფასის 20 დოლარამდე შემცირებას ვარაუდობს

9 მარტს, სავაჭრო დღის გახსნამდე რამდენიმე წუთით ადრე მსოფლიოს წამყვანმა საინვესტიციო ბანკმა Goldman&Sachs-სმა განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ნავთობის ფასები შესაძლოა 20 დოლარამდე შემცირდეს. 

ამ დასკვნამდე ბანკის ეკონომისტები მას შემდეგ მივიდნენ, რაც იანგარიშეს თუ რა ფასზე შეეძლებათ მწარმოებლებს ნავთობის მოპოვება. ამის გარდა, ბანკმა შეამცირა ნავთობზე ჯამური მოთხოვნის პროგნოზი 2020 წლის მეორე ნახევარში. ბანკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს, ნავთობის ფასი 30 დოლარს არ აცდება. 

"ჩვენ მივიჩნევთ, რომ OPEC-მა და რუსეთმა გასულ უქმეებზე ფასების ომი წამოიწყეს. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთი საკუთარ ნავთობზე ფასს ბოლო 20 წლის მინიმალურ მაჩვენებლამდე დაიყვანს", — წერია დასკვნაში. 

ეკონომისტების თქმით, ვითარებას აუარესებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსის გამო ნავთობზე მოთხოვნა ისედაც შემცირებულია. 

ბანკის ეკონომისტები თვლიან, რომ ნავთობის დაბალი თვითღირებულების მქონე ქვეყნები შეეცდებიან, გაზარდონ მოპოვება და აითვისონ თავისუფალი რესურსები. ექსპერტების აზრით, საუდის არაბეთი ამგვარად შეეცდება, მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნოს ქვეყნები, რომლებსაც ნავთობის მაღალი თვითღირებულები აქვთ. 

გასულ უქმეებზე ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ნავთობის მწარმოებელ სახელმწიფოთა მინისტრთა სხდომა გაიმართა. სწორედ ამ სხდომაზე უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ. 

საუდის არაბეთი დღე-ღამეში ნავთობის მოპოვების 1,7 მილიონი ბარელით შემცირებას მოითხოვდა, თუმცა წინადადებას რუსეთი არ დათანხმდა. ამგვარად, ჩაიშალა 2016 წლის შეთანხმებაც და ნავთობის მოპოვებაზე მანამდე არსებული ლიმიტებიც. გარიგების ჩავარდნიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების გაზრდას აპირებს. 

ამჟამად, საუდის არაბეთი დღე-ღამეში 9,8 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს, როგორც ცნობილია, ეს მაჩვენებელი უახლოეს მომავალში შესაძლოა 12 მილიონ ბარელამდე გაიზარდოს. 

"ჩვენ მივიჩნევთ, რომ OPEC-მა და რუსეთმა გასულ უქმეებზე ფასების ომი წამოიწყეს. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთი საკუთარ ნავთობზე ფასს ბოლო 20 წლის მინიმალურ მაჩვენებლამდე დაიყვანს", — წერია დასკვნაში. 

ამ დროისთვის, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 31 დოლარი ღირს, WTI-ის მარკის ფასი 27 დოლარი ღირს. ნავთობის ფასების შემცირების შედეგადად 5%-ით გაუფასურდა რუსული რუბლი. ამ დროისთვის ერთი დოლარის ღირებულება 72 რუბლია, ხოლო ერთი ევროს ღირებულება 82 რუბლს გაუტოლდა. 

კომენტარები