საარჩევნო შეთანხმება

ელისაშვილი: შეთანხმების კანონში ასახვის შემდეგ მზად ვართ, საერთო მაჟორიტარებზე ვიმსჯელოთ

droa.ge

"სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ის წყვეტს ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ლეიბორისტულ პარტიაში შეხვედრებში მონაწილეობას, რადგან ამ ფორმატის როლს ვეღარ ხედავს, თუმცა მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც 8 მარტს მიღწეული საარჩევნო შეთანხმება კანონსა და კონსტიტუციაში აისახება, ის მზად არის, კვლავ ჩაერთოს დიალოგში საერთო მაჟორიტარების საკითხთან დაკავშირებით. 

კვირის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ელისაშვილმა თქვა, რომ შეთანხმება, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან "შეუთანხმებლობას ყოველთვის შეთანხმება სჯობს". მისივე შეფასებით, ამ შეთანხმებით საქართველოში ქუჩის პოლიტიკა დასრულდება და კვალიფიციური პოლიტიკა დაიწყება. 

"ჩვენ მზად ვართ, რომ მაჟორიტარებზე, იმ 30 მაჟორიტართან დაკავშირებით მსჯელობაში ჩავერთოთ და საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე აზრები გავცვალოთ, თუმცა ჯერ ნაადრევად მიგვაჩნია იმიტომ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ეს შეთანხმება ოპოზიციასა და თალაკვაძე-მდინარაძეს შორის უბრალო ხელის ჩამორთმევით არ შემოიფარგლოს და აისახოს კანონში და კონსტიტუციაში იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის სიტყვას ნიახურის ფასიც არ აქვს, ჩვენ ეს ვნახეთ და ახლა მნიშვნელოვანია კონსტიტუციაში და კანონში აისახოს ეს შეთანხმება და როცა აისახება, მაშინ ჩვენ ვიქნებით ინტენსიურ დისკუსიებში მაჟორიტარებთან დაკავშირებით,"- თქვა ალეკო ელისაშვილმა. 

8 მარტს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება.

"პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციულ ნაწილში ბარიერი 1% იქნება", - წერია შეთანხმების ტექსტში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოლქების განაწილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა მოხდეს.

პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემა - ეს იყო ოპოზიციის ერთი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებასთან დიალოგში, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, რაზეც შეთანხმება ასევე მიღწეულია.

კომენტარები