უზენაესი სასამართლო

ოთო კახიძე: ნინო ქადაგიძე მოსამართლეთა კლანის წევრი, ამასთან არაკომპეტენტური კანდიდატია

0 კომენტარი

ევროპული საქართველოსთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თავმჯდომარის პოსტზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა მიუღებელია.

პარტიის წევრი, ოთარ კახიძე ამბობს, რომ ქადაგიძე მმართველი კლანის წარმომადგენელია, შესაბამისად, ის ვერ იქნება მიუკერძოებელი და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი.

"მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა არის კომპეტენცია. მასთან ჩატარებულმა გასაუბრებამ ნათლად აჩვენა, რომ ქალბატონი ქადაგიძე ისეთ ელემენტარულ საკითხებზე ვერ სცემს დამაჯერებელ და კომპეტენტურ პასუხებს, როგორიც არის აბსოლუტური უფლებები, მირანდას კატალოგი, სეკულარიზმის პრინციპი, განსხვავება ლიბერალურ და არჩევით დემოკრატიებს შორის და სხვა. ის საკითხები, რომლებიც არის პირველი და მეორე კურსის სტუდენტების მასალა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დამაჯერებელ პასუხებს ვერ იძლევა. ეს პრობლემაა, ვინაიდან კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობას სასამართლოს მიმართ", - თქვა კახიძემ.

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დროს ევროპულმა საქართველომ ყველა მათგანი 10-ქულიანი სისტემით შეაფასა, ნინო ქადაგიძემ კი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო.

"კერძოდ, მან კომპეტენციის კრიტერიუმში მიიღო 3 ქულა, კეთილსინდისიერებაში 2, ზოგად განათლებასა და ფასეულობებში - 4. ეს კანდიდატურა ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეობის სტანდარტს, მით უფრო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს და ახლა საუბარია, რომ ის უნდა გახდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ეს არის ძალიან მაღალი სტატუსი, ძალიან მაღალი თანამდებობა. მხოლოდ და მხოლოდ აკნინებს სასამართლო სისტემას ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ პირადი ერთგულების, კლანის წევრობის მიზნით ასეთ ფიგურებს აწინაურებენ", - თქვა კახიძემ.

ნახეთ ნინო ქადაგიძესთან პარლამენტში გასაუბრების ზოგიერთი ნაწილი:

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო ქადაგიძე გუშინ, 10 მარტს დაასახელა.

ქადაგიძე ერთ-ერთია იმ 14 მოსამართლიდან, რომელიც პარლამენტმა 2019 წლის 12 დეკემბერს უვადოდ დანიშნა. დანიშვნას წინ შერჩევის პროცესი უძღოდა, რომელსაც ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საბჭოს არამოსამართლე წევრები აპროტესტებდნენ. შერჩევის პროცესი საერთაშორისო ორგანიზაცია ეუთო/ოდირმა მწვავედ გააკრიტიკა.

ქადაგიძე გიორგი მიქაუტაძის მიერ წარმოდგენილ იმ 10-კაციან სიაშიც იყო, რომელიც მან 2018 წლის დეკემბერში წარმოადგინა და რომელსაც პროტესტი მოჰყვა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა 2018 წლის 2 აგვისტოდან ვაკანტურია - წინა თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე 3-წლიანი თავმჯდომარეობის შემდეგ, სწორედ ამ დღეს გადადგა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს კანდიდატურა არ წარუდგინა. 2018 წლის 16 დეკემბრიდან კი, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო, ძალაში კონსტიტუციის ახალი რედაქცია შევიდა, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიენიჭა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები