კორონავირუსი

მერკელი: სავარაუდოდ, გერმანიის მოსახლეობის 70% კორონავირუსით დაავადდება

The National

11 მარტს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, გერმანიის მოსახლეობის 70% ახალი კორონავირუსით დაავადდება. 

"როდესაც ვირუსი აქაა, მოსახლეობას იმუნიტეტი არ აქვს და მკურნალობა არ არსებობს, მაშინ მოსახლეობის 60%-დან 70%-მდე დაინფიცირდება," - განაცხადა მერკელმა ბერლინში პრესკონფერენციაზე საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში, დაახლოებით, 82 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

მისივე თქმით, მანამ, სანამ ახალი ვირუსისთვის წამალი არ არსებობდა, ჯანდაცვის სისტემის არ გადატვირთვის მიზნით, მისი გავრცელების შენელებაზე უნდა ფოკუსირებულიყვნენ.

გერმანიის კანცლერის განცხადებით კორონავირუსზე გერმანია გააკეთებს იმას, რაც საჭირო იქნება და ამავდროულად ევროპულ ქვეყნებთან თანხვედრაშია.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა თქვა, რომ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად გერმანიის საზღვრების ჩაკეტვა არ იმუშავებდა.

შპანმა გერმანიის მიწების მაღალი რანგის პირებს მოუწოდა, რომ გაეუქმებინათ ყველა ღონისძიება, სადაც 1 000 კაცზე მეტი მიიღებდა მონაწილეობას.

მერკელმა განაცხადა, რომ ფედერალიზმი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას არ ნიშნავდა. 12 მარტს ის მიწების წამყვან პირებს შეხვდება, რათა კორონავირუსზე გერმანიის საპასუხო ნაბიჯები განიხილონ.

გერმანიის ფედერალური სახელმწიფო სააგენტოს რობერტ კოხის ინსტიტუტის 10 მარტის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით დაავადების 1 296 შემთხვევაა დადასტურებული. სამი ადამიანი გარდაიცვალა.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4,378-მდე გაიზარდა. გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 121,230 შემთხვევა, აქედან 66,904 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსით დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა ამჟამად იტალიაშია დადასტურებული - 10 149 დაავადების შემთხვევა. ჩინეთს გარეთ გარდაცვალების ყველაზე მეტი, 631 შემთხვევაც იტალიაშია. კორონავირუსის გამო ორი დღის წინ მთელი იტალია ჩაკეტეს.

ახალი კორონავირუსი უკვე ევროკავშირის ყველა ქვეყანაში გავრცელდა.

რაც შეეხება საქართველოს, ამჟამინდელი მონაცმებით, ქვეყანაში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული​. კარანტინის პირობობებში კი 298 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები