კორონავირუსი

ერდოღანი პარლამენტში თერმული კამერით მივიდა: ჩვენ ზომებზე მძლავრი არცერთი ვირუსია

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
AFP

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მისი პარტიის, სამართლისა და განვითარების პარტიის წევრებთან საუბრისას განაცხადა, რომ თურქეთის მიერ მიღებულ ზომებზე მძლავრი არცერთი ვირუსი იყო.

გუშინდელი დღის შემდეგ, როდესაც თურქეთში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დადასტურდა, თურქეთის პრეზიდენტს პარლამენტში ახლდა მამაკაცი, რომელიც მის შემხვედრ პირებს თერმული კამერით ამოწმებდა. 

მისი დამხმარე ამოწმებდა ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც ერდოღანის გარშემო იკრიბებოდნენ.

მიმდინარე კვირას ბრიუსელში ვიზიტის დროს ერდოღანი ოფიციალურ პირებთან ხელის ჩამორთმევას თავს არიდებდა და ხელებს გულზე იდებდა. ერდოღანი მის ქმედებას ერთი სიტყვით ხსნიდა - "კორონა!"

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაქრეტინ კოჯას გუშინდელი განცხადებით, თურქეთში ვირუსით დაინფიცირებულმა პირველმა პირმა ევროპაში იმოგზაურა. მისივე განმარტებით, ოჯახის წევრები მონიტორინგის ქვეშ არიან. მინისტრმა თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდა, არ იმოგზაურონ საზღვარგარეთ, თუ ეს აუცილებელი არ არის. 

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4,378-მდე გაიზარდა. გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 121,230 შემთხვევა, აქედან 66,904 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსით დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა ამჟამად იტალიაშია დადასტურებული - 10 149 დაავადების შემთხვევა. ჩინეთს გარეთ გარდაცვალების ყველაზე მეტი, 631 შემთხვევაც იტალიაშია. კორონავირუსის გამო ორი დღის წინ მთელი იტალია ჩაკეტეს.

რაც შეეხება საქართველოს, ამჟამინდელი მონაცმებით, ქვეყანაში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული​. კარანტინის პირობობებში კი 298 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები