კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: 25-ე ინფიცირებული იტალიასთანაა დაკავშირებული, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ტაბულა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, საქართველოში კორონავირუსის 25-ე შემთხვევა იტალიასთანაა დაკავშირებული, თუმცა გამყრელიძეს არ დაუკონკრეტებია, რომელ კლასტერს განეკუთვნება ინფიცირებული. 

"რა თქმა უნდა, მე ყველა დეტალი ვიცი, რადგან ეპიდკვლევა ჩატარებულია, მაგრამ იმის გამო, რომ პერსონალური ინფორმაციაა, მისი გამჟღავნება არ შეიძლება,"- თქვა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, პირი, რომელსაც დღეს, 12 მარტს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფექციურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას და მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"არის ჩვენი ინფექციონისტების მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ,"- ამბობს გამყრელიძე. 

რაც შეეხება აქამდე დადასტურებულ 24 შემთხვევას, მათგან ორი ირანს, ერთი ესპანეთს, დანარჩენები კი პირდაპირ ან ირიბად იტალიას უკავშირდება. 

ამ დროის მონაცემებით, კარანტინის რეჯიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ - 49. 

კომენტარები