მიგრანტების კრიზისი

ევროკავშირი საბერძნეთის კუნძულებზე მყოფ მიგრანტებს სამშობლოში დასაბრუნებლად €2,000-ს მისცემს

0 კომენტარი
ფოტო: REUTERS

ევროკავშირი საბერძნეთის კუნძულებზე მყოფ მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისთვის 2,000 ევროს მისცემს. ამის შესახებ ევროკავშირის შიდა საქმეთა კომისარმა ილვა იოჰანსონმა ათენში საბერძნეთის მთავრობასთან შეთანხმების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით ეს დროებითია, ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მხოლოდ იმ მიგრანტებს შეეხება, ვინც საბერძნეთში მიმდინარე წლის პირველ იანვრამდე ჩავიდა. შესაბამისად, ამჟამად მოხალისეობრივად დაბრუნება და სანაცვლოდ თანხის მიღება 5,000-მდე მიგრანტს შეუძლია.

გარდა ამისა, იოჰანსონმა თქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებდი დათანხმდნენ საბერძნეთის ბანაკებიდან მიიღონ 1,600 არასრულწლოვანი, რომლებიც ოჯახის წევრების გარეშე არიან დარჩენილი.

საბერძნეთის კუნძულებზე არსებულ მიგრანტთა ბანაკებში სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც თურქეთმა საზღვრები გახსნა და ევროკავშირისაკენ მიგრანტების ახალი ტალღა დაიძრა. ბანაკებში, რომლებიც 6,000-მდე მიგრანტზე იყო გათვლილი ამჟამად უკვე 42,000-მდე თავშესაფრის მაძიებელია, მათგან 14,000-ზე მეტი არასრულწლოვანია. მიგრანტების უმეტესობა სირიელია, თუმცა არიან ავღანეთიდან, პაკისტანიდან და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან ჩასული ადამიანებიც.

საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სირია მიგრანტების დაბრუნებისათვის უსაფრთხო ქვეყანა არ არის, თუმცა სხვა ქვეყნები, მაგალითად პაკისტანი უსაფრთხოდ მიიჩნევა. იოჰანსონის თქმით მიგრანტების სამშობლოში დაბრუნებას კოორდინაციას გაეროს საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაციასთან ერთად გაუწევენ.

სირიის იდლიბის პროვინციაში რუსეთის მხარდაჭერით ასადის ძალების მიერ წამოწყებული თავდასხმის შედეგად სახლები მიტოვება მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია. თურქეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მიგრანტების ახალ ტალღას ვერ გაუმკლავდებოდნენ, ევროკავშირი არასაკმარისი დახმარების გაწევაში დაადანაშაულა და მიგრანტების ევროპის ქვეყნებისაკენ საზღვრები გაუხსნა.

ამის შემდეგ, საბერძნეთის საზღვართან ათასობით მიგრანტი შეიკრიბა. ადგილი ჰქონდა სასაზღვრო დაცვასთან დაპირისპირებას. გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. მიგრანტები, რომლებმაც საზღვრის გადალახვა შეძლეს საბერძნეთის პოლიციას ცემაში და პირადი ნივთების ჩამორთმევაში ადანაშაულებენ. საბერძნეთი ძალადობის ფაქტებს უარყოფს და სიტუაციის გამწვავებაში თურქეთს ადანაშაულებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ ჩრდილოეთ სირიაში ახალი კრიზისის ფონზე ევროკავშირთან მიგრანტების საკითხზე 2016 წელს მიღწეული შეთანხმება უნდა გადაიხედოს. ჩავუშოღლუმ თქვა, რომ მიგრანტთა საკითხის გადაწყვეტაში თურქეთის დასახმარებლად ევროკავშირის მხრიდან საჭიროა ვიზა ლიბერალიზაცია და საბაჟო შეთანხმების გაუმჯობესება.

ერდოღანმა კი თქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან თურქეთის საზღვრებს მიგრანტებისთვის ღიას დატოვებს სანამ ევროკავშირი მის ყველა მოთხოვნას არ შეასრულებს:

"სანამ თურქეთის ყველა მოთხოვნა, მათ შორის თავისუფალი გადაადგილება, საბაჟო შეთანხმების გაუმჯობესება, ფინანსური დახმარება, არ შესრულდება, საზღვრებზე ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ. დათბობასთან ერთად მიგრანტების ტალღა, რომელიც ევროპისაკენ მიემართება მხოლოდ საბერძნეთით არ შემოიფარგლება და მთელს ხმელთაშუა ზღვაზე გავრცელდება." თქვა მან.

2016 წელს ევროკავშირმა და თურქეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში არალეგალურ გადასულ მიგრანტებს თურქეთში აბრუნებდნენ. თავის მხრივ ევროკავშირი ქვეყანას მიგრანტებზე ზრუნვაში ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა.

თურქეთში ამ დროისთვის უკვე 3.6 მილიონი სირიელი მიგრანტია. ერდოღანს სურს ჩრდილოეთ სირიაში უსაფრთხო ზონები შეიქმნას და მიგრანტების დაბრუნება დაიწყოს. მან არაერთხელ მოუწოდა ევროკავშირს დახმარებისაკენ. თურქეთმა უკვე დაიწყო მიგრანტების ნაწილის დაბრუნება, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს იძულებით და მოტყუებით ხდება.

5 მარტს პუტინმა და ერდოღანმა იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით უნდა შეიქმნას 6 კილომეტრიანი ზონა იდლიბის პროვინციაში გამავალი მნიშვნელოვანი მაგისტრალის M4-ის ჩრდილოეთით და სამხრეთით. მაგისტრალი ალეპოს და ლატაკიას აკავშირებს. 15 მარტიდან მაგისტრალზე პატრულირებას რუსეთის და თურქეთის ერთობლივი პატრული განახორციელებს.

მოლაპარაკებებისას ერდოღანმა ვერ მიაღწია შეთანხმებას მის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე - უკან დაეხია ასადის ძალებს ახლად აღებული ტერიტორიებიდან. შეთანხმებაში ასევე არაა ნახსენები უსაფრთხო ზონის შექმნა, სადაც სირიელი მიგრანტები თავის შეფარებას შეძლებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები