აჭარის ტელევიზია

აჭარის ტელევიზიის წამყვანი, თეონა ბაკურიძე გაათავისუფლეს

აჭარის ტელევიზიის წამყვანი, თეონა ბაკურიძე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო ტელევიზიაში განვითარებული მოვლენების გამო პროტესტში, სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

გადაწყვეტილებას ხელს ტელევიზიის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე აწერს. 

დოკუმენტში, რომელიც ბაკურიძემ გაასაჯაროვა, წერია, რომ ბაკურიძე "მიზანმიმართულად აიგნორირებდა რედაქტორის მითითებებს, ქმნიდა დაძაბულობას და კონფლიქტურ სიტუაციას." 

დოკუმენტში ასევე წერია, რომ ბაკურიძეს ჰქონდა ეჭვი, რომ მისი ხელმძღვანელები ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ, ამიტომ, დოკუმენტის მიხედვით, მან ხელმძღვანელების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა, ბულინგი და მობინგი განახორციელა. 

"დარღვევა წარმოადგენს უხეშ დარღვევას, გამომდინარე იქიდან, რომ მან არ შეასრულა რედაქტორის სამსახურებრივი მითითებები, სამსახურის უფროსსა და რედაქტორს განუცხადა, რომ "არ აპირებს შეასრულოს მათი სამსახურებრივი მითითებები" რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე უარის თქმას ნიშნავს", - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

მანამდე, 6 მარტს, გიორგი კოხრეიძემ თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება შეუჩერა.  

6 მარტს ბაკურიძის მიერ გასაჯაროვებულ დოკუმენტში ეწერა, რომ თეონა ბაკურიძე საინფორმაციოს ახალ უფროზე ფსიქოლოგიურად ახდენდა ზეწოლას.

"სამუშაო დროის პერიოდში, როდესაც ოთახში იმყოფებოდა გიორგი აბაზაძე და იწყებდა დღის გეგმის დაწერას, თ. ბაკურიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაუმორჩილებლობას, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას. ის ახდენდა ზეწოლად ფსიქოლოგიურად და აიძულებდა გ.აბაზაძეს განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა მისი პოზიცია", - ეწერა დოკუმენტში. 

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები უკვე რამდენიმე თვეა, ზეწოლაზე, დევნასა და ცენზურაზე საუბრობენ.

მრჩეველთა საბჭოს ახალი დირექტორის შესარჩევად რამდენიმე თვე დასჭირდა, კონკურსი არაერთხელ ჩაიშალა. მეხუთე მცდელობაზე, 2019 წლის 22 ნოემბერს, დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს, რომელის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა საშტატო განრიგის ცვლილება იყო. სწორედ მან, პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა და ის პუნქტები ამოიღო, რომლითაც მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე კოორდინაცია და პოლიტიკის შემუშავება ევალებოდა. ზოიძე იძულებული გახდა, ტელევიზია დაეტოვებინა. კოხრეიძისვე ინიციატივა იყო რამდენიმე თანამდებობის გაუქმება, მათ შორის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის შტატის. ამ პოსტს ტელევიზიაში მაია მერკვილაძე იკავებდა, რომელიც კოხრეიძის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა. თანამდებობის დატოვება მასაც მოუწია.

კომენტარები