გიგი უგულავას დაპატიმრება

11 ევროპარლამენტარი ზურაბიშვილს: გამოიყენეთ უფლებამოსილება უგულავას საქმეზე

ტაბულა

11-მა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართა, რომელიც 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებულ ორმხრივ შეთანხმებას ეხება. 

ევროპარლამენტარები პრეზიდენტს მოუწოდებენ, გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, საქმესთან დაკავშირებით. 

"ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერ ევროპარლამენტარებს გვსურს მოგილოცოთ თქვენ და ქართველ ხალხს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება. ეს პოზიტიური ახალი ამბავი წაახალისებს საქართველოს შესაძლებლობას, გააგრძელოს პროგრესი თავისი ხალხის ევროპული არჩევანის განხორციელების გზაზე. 

საქართველოს ბევრმა მეგობარმა და თავგამოდებულმა მხარდამჭერმა გამოხატა თავისი შეშფოთება იმ მოვლენებზე, რომლებმაც გამოიწვია გაზრდილი პოლარიზაცია და ანტაგონიზმი ბოლო თვეების განმავლობაში. ერთერთი მთავარი გამომწვევი ამ სამწუხარო პროცესისა ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაპატიმრება იყო. 

შეთანხმების სრულად შესრულება, როგორც სიტყვა-სიტყვით, ასევე სულისკვეთების მხრივ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წელს პოლიტიკური სიტუაციის დეესკალაციისა და ნორმალიზაციისთვის. მაშინ, როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია კვლავ გააგრძელებს ამა თუ იმ საკითხზე კამათს, თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მოგიწოდებთ, განახორციელოთ თქვენი ლეგიტიმური კონსტიტუციური უფლებამოსილება, კონკრეტულად ბატონ უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რომლის გათავისუფლებაც საერთო შეთანხმების შესრულების ტესტად განიხილება.

ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი ქმედება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ვითარების სრული ნორმალიზაციისკენ, რასაც საქართველოს მეგობრები, მათ შორის ჩვენ, მოველით,"- წერია წერილში. 

წერილს, რომელიც "ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების" წარმომადგენელი ანა ფოტიგა ავრცელებს, ხელს 11 ევროპარლამენტარი აწერს, მათ შორის ევროპის სახალხო პარტიის, მწვანეების, ევროპის განახლების პარტიისა და სოციალისტების მხრიდან.  

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომლის ორგანიზატორებიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები იყვნენ, ორ ძირითად საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება 8 მარტს შედგა. "ურთიერთგაგების მემორანდუმი", ერთი მხრივ, ითვალისწინებს საარჩევნო სისტემის ცვლილებას, ხოლო მეორე მხრივ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას. 

მიუხედავად შეთანხმებისა, ქართული ოცნების ლიდერები საჯაროდ არ აღიარებენ შეთანხმების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ეხება, თუმცა 10 მარტს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა, შეთანხმების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სენატორი რიში ელის, რომ "პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულები მყისიერად გათავისუფლდებიან". 

კომენტარები