კორონავირუსი

სამების საკათედრო ტაძარში დეზინფექცია ჩატარდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში დეზინფექცია ჩატარდა. ინფორმაცია ტაბულას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა. 

საპატრიარქოს მიერ გუშინ, 13 მარტს გაკეთებული განცხადების მიხედვით, სადეზინფექციო ხსნარის მარაგი აქვთ და ეკლესიებს შეუძლიათ, საჭირო რაოდენობის ხსნარი წაიღონ. 

ჯაღმაიძის ცნობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის დირექტორის, ამირან გამყრელიძის რეკომენდაციით ხსნარი იმ კომპანიისგან შეიძინეს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების დეზინფექციას ახდენს.  

"ყველა სხვა რეკომენდაციას გულდასმით მოვუსმენთ და გავითვალისწინებთ", - ეწერა განცხადებაში. 

რაც შეეხება ზიარების წესს, საპატრიარქო მის შეცვლას არ აპირებს. 

საქართველოში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

ეპიდემიოლოგები და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თვითიზოლაციის, ხელების ხშირი დაბანის, მხოლოდ საკუთარი ჭურჭლის გამოყენების ინსტრუქციებს გასცემს. 2 კვირით შეწყდა სწავლა ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ასევე, დროებით გაუქმდა სპექტაკლები და გადაიდო ღონისძიებები, სადაც ბევრი ადამიანი უნდა შეკრებილიყო.

თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ არაერთხელ განაცხადა, რომ ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს და მრევლი, ათობით ადამიანი კვლავ ერთი კოვზით ეზიარება. ეკლესია ამბობს, რომ ამას ათასწლოვანი პრაქტიკის განმავლობაში სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა "ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს".

კომენტარები