თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირეტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, ხუთივე პირი, რომელთაც კორონავირუსი დღეს, 14 მარტს დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
"დაკვირვების ქვეშ იყვნენ, იმიტომ, რომ კონტაქტში იყვნენ, როგორც ჩვენ ვიცით, ჩვენი 4 წყაროდან ერთ-ერთ წყაროსთან. ზოლირებულები იყვნენ და მათზე მიდიოდა მეთვალყურეობა. როდესაც გამოვლინდა კლინიკური ნიშანი ტემპერატურის სახით, ჩაითვალა საჭიროდ, რომ გაკეთებულიყო ტესტირება", - თქვა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.
"ასაკობრივად განსხვავებული ზღვრული მონაცემებია ყველასთან. მხოლოდ ორ პაციენტთან არის ტემპერატურა 37.2. დანარჩენ პაციენტებთან კლინიკა კლინიკა ძალიან მინიმალური სიმპტომატიკით არის გამოხატული", - თქვა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 27 პაციენტიდან, რომელთან კორონავირუსი დაუდასტურდათ და თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან, 4 პაციენტი 14-წლამდეა.
ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსზე დღეს 22 ტესტი არის აღებული.
საქართველოში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული.





