კორონავირუსის დღეს დადასტურებული სამი შემთხვევიდან ერთ-ერთი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის დღეს დადასტურებული სამი შემთხვევიდან ერთ-ერთი აჭარაში გამოვლინდა.

ეს ვირუსის თბილისს გარეთ გამოვლენის პირველი შემთხვევაა. პაციენტი აჭარის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ინფიცირებული პირი ბათუმის აეროპორტში ერთ-ერთი ევროპული ქვეყნიდან ჩაფრინდა. ის პირდაპირ კარანტინში მოათავსეს.

"ეს არის იმპორტირებული დაინფიცირების პირველი შემთხვევა, ამიტომ ადგილზე ვირუსის გავრცელების არანაირი საფუძველი არ გვაქვს", - თქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

დღეს, 15 მარტს ახალი კორონავირუსი კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა. ახლა საქართველოში მლიანობაში 33 შემთხვევაა გამოვლენილი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ სამივე დაინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა მაღალი რისკის ჯგუფის ქვეყნებიდან შემოსულ ადამიანებთან. მისივე თქმით, კარგია, რომ არ გამოვლენილა მეოთხეული შემთხვევა, როცა ადამიანმა არ იცის, ვისთან კონტაქტის შემდეგ გადმოედო ვირუსი.

"ეს პაციენტები არიან საშუალო ასაკის პირები. ერთი კაცი და 2 ქალი. სამივე მათგანი იყო კონტაქტში უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან. ჯერჯერობით ვინარჩუნებთ იმედისმომცემ სიტუაციას, რომ საქართველოში არ გამოვლენილა მეოთხეული შიდა გადაცემა, როცა დაინფიცირდება პაციენტი ისე, რომ არ იცის, ვისგან გადმოედო. ანუ ვთქვათ, პიროვნება გავიდა მაღაზიაში, ქუჩაში, შემდეგ აღმოჩნდეს ინფიცირებული ისე, რომ არ იცის, ვისთან ჰქონდა კონტაქტი. ეს მდგომარეობა უფრო სპეციფიკურია და შემდეგ საპასუხოდ სხვა ტაქტიკას გულისხმობს. ჯერჯერობით ეს არ მომხდარა", - თქვა ცერცვაძემ.

მივივე თქმით, ზუსტად არ იცის, პაციენტები, რომლებსაც ვირუსი დღეს დაუდასტურდათ, თვითიზოლაციაში იყვნენ თუ კარანტინში, მაგრამ "იზოლაციის წესი დაცული ჰქონდათ".

ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ სამივე ინფიცირებული პირი ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, ასევე, ისინი არ არიან კავშირში უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან.

"მათი კონტაქტების შესწავლა ახლა მიმდინარეობს", - თქვა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა.

ცერცვაძე აცხადებს, რომ ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ორის - დამაკმაყოფილებელი.

ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კარანტინის რეჟიმშია 427 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 73;

საქართველოში Covid-19-ით ინფიცირების სულ 33 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 1 - განიკურნა. პირველ დაინფიცირებულ პაციენტს პირველადმა ტესტმა უარყოფითი პასუხი უჩვენა, თუმცა, მეორე შემოწმებაზე "სუსტი დადებითი" დაუდასტურდა, რის გამოც, როგორც ცერცვაძემ თქვა, მისი საავადმყოფოდან გაწერა რამდენიმე დღით გადაიდო.

კომენტარები