კორონავირუსი

ტიკარაძე: ჩეხ ტურისტს, რომელიც გუდაურში იმყოფებოდა, კორონავირუსი ჩეხეთში დაუდასტურდა

ტვ პირველი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჩეხეთის მოქალაქეს, რომელიც გუდაურში იმყოფებოდა, კორონავირუსი ჩეხეთის რესპუბლიკაში ჩასვლის შემდეგ დაუდასტურდა. 

ტიკარაძის თქმით, ჩეხეთის მოქალაქე ყვება, რომ 8 მარტს, გუდაურში გამოუვლინდა კორონავირუსის სიმპტომები, რის შემდეგაც დაბრუნდა ჩეხეთში და იქ კორონავირუსის დადასტურების შემდეგ მიაწოდა საქართველოს საელჩოს მარშრუტი და ინფორმაცია ყველა იმ ადგილის შესახებ სადაც იმ გუდაირში ყოფნისას გადაადგილდებოდა, ასევე თავად დაუკვაშირდა სასტუმროსა და რესტორნებს.

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩეხეთის მოქალაქეს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, ვინაიდან მან არ დამალა და დარეკა და ფოტომასალით სრულად აღწერა ის მარშრუტი, რომელზეც ის იყო სიმპტომების გამოვლენის შემდეგ. ეს დაგვეხმარა გუშინვე მოგვეხდინა ყველა იმ პირის იზოლირება, რომელიც მასთან იყო კონტაქტზე," - ამბობს ტიკარაძე.

მისივე თქმით, ამ დროისათვის 30 ადამიანი არის იზოლირებული და მიმდინარეობს დამატებითი შესწავლა. ტიკარაძე ამბობს, რომ ამ 30 ადამიანიდან გამოხატული სიმპტომები აქვს სამს. 

"მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, თუ ისინი ამ პერიოდში იყვნენ გუდაურში ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ აუცილებლად შეიძლება ჰქონდეს კორონავირუსიკორონავირუსი გადაეცემა, როდესაც ადამიანს აქვს 15 წუთზე მეტი ინტენსიური კონტაქტი და დაშორება არის ერთ მეტრზე უფრო ნაკლები. სხვა შემთხვევაში ადამიანები რისკჯგუფში არ არიან," - ამბობს ტიკარაძე.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ეს გახდა ბიძგი იმისათვის, რომ სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი ადრეულად დახურულიყო.

"იქედან გამომდინარე, რომ როგორც ჩვენ უკვე კარგად დავინახეთ, პრევენციულ ღონისძიებებს ძალიან კარგი და დიდი ეფექტი აქვს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღონისძიებები კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა ის გართულება, რომელიც მოსალოდნელია და დღემდე დაფიქსირდა სხვა ქვეყნებში," - ამბობს ტიკარაძე.

რაც შეეხება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ თუ ყველა რეკომენდაცია და ღონისძიება ხარიხობრივად კარგად იქნება შესრულებული საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საჭიროება არ დადგება.

რესტორნის "მთვრალი ალუბალი" წარმომადგენლებმა 16 მარტს Facebook-ზე განცხადება გაავრცელეს, სადაც წერენ, რომ მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩასული 6 ტურისტიდან სამს კორონავირუსი დაუდგინდა. 

"მთვრალი ალუბალი" აღნიშნავს, რომ დაწესებულება დაიხურა და თანამშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

"რესტორანი დაკეტილია, ჩვენი ორი თანამშრომელი მაღალი სიცხით ელოდება კატასტროფის ბრიგადას. ვინც ამ დღეებში იყავით მთვრალ ალუბალში, გთხოვთ, იზრუნოთ თქვენი და თქვენი გარშემომყოფების ჯამრთელობაზე, გთხოვთ, რომ მიმართოთ კონსულტაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას" - წერს რესტორანი.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი 33 ადამიანს აქვს დადასტურებული. მათგან ერთი, პირველი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები