კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: მზად გვაქვს 150 სასუნთქი აპარატი და საჭიროების შემთხვევაში მოხდება გამოყენება

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მზაობაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, სახელმწიფოს უკვე მზად აქვს საჭირო რაოდენობის სუნთქვის აპარატები, თუმცა მათი გამოყენების საჭიროება აქამდე არ დამდგარა.

"დღესდღეისობით ჩვენთან არ დამდგარა საჭიროება გამოგვეყენებინა ხელოვნური სუნთქვის აპარატები, თუმცა ჩვენ უკვე ყველა სტაციონარში მობილიზებული გვაქვს ხელოვნური სუნთქვის აპარატები. ეს არის ეტაპობრივი გართულება, რომლის მზაობა ყველა შერჩეულ საავადმყოფოს ეტაპობრივად შეუძლია. ამ ეტაპზე მინდა დავამშვიდო მოსახლეობა - ჩვენ არ გვყავს ისეთი მძიმე პაციენტი, რომელსაც ხელოვნური სუნთქვის აპარატი ესაჭიროება. დღეს უკვე მომზადებული გვაქვს 150 სუნთქვის აპარატი, საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი გამოყენება", — ამბობს ტიკარაძე.

ეკატერინე ტიკარაძემ, ასევე სამედიცინო პერსონალის მზაობასა და რაოდენობაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, სამინისტრო ჯანდაცვის სხვადასხვა რგოლთან თანამშრომლობს და კადრების დანაკლისი მოსალოდნელი არ არის.

"ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ჯანდაცვის პირველად რგოლთან, ასევე, სხვა ექიმებთან, რომლებიც სტაციონარში მკურნალობენ პაციენტებს, დღეისთვის მათი [ექიმების] რაოდენობა არის საკმარისი, ისინი არიან მზად, პერსონალი ეტაპობრივად გადის საჭირო ტრენინგებს და კონსულტაციებს", — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეს 17 მარტს დღის მეორე ნახევარში აღებული 11 ტესტის პასუხი გვიან ღამით გახდება ცნობილი და მისი შედეგებს საზოგადოებას ხვალ გააცნობენ. ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით - Covid-19-ით ინფიცირების 34 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, ხოლო 64 სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშაა. 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით განკურნების მხოლოდ ერთი შემხთხვევაა დადასტურებული. როგორც ცნობილია გამოჯანმრთელებული პაციენტი ინფექციური საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.

კომენტარები