ქართველების დეპორტაცია რუსეთიდან

GYLA: რუსეთმა 7 დეპორტირებულ ქართველს ინდ. საქმის ფარგლებში დაკისრებული კომპენსაცია გადაუხადა

0 კომენტარი
ფოტო: ამერიკის ხმა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, რუსეთის ფედერაციამ 2006 წელს რუსეთიდან კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებულ, საია-ს დაცვის ქვეშ მყოფ 7 მოქალაქეს კომპენსაცია გადაუხადა, ერთი კი მოლოდინის რეჟიმშია. 

ინდივიდუალურ საქმეებზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 2019 წლის 26 მარტს გამოიტანა. რუსეთს კომპენსაციის გადასახდელად ვადა 2019 წლის 26 სექტემბრამდე ჰქონდა, თუმცა ამ ვადებში სახელმწიფოს საია-ს დაცვის ქვეშ მყოფი პირებისთვის თანხა არ გადაუხდია. 

საია-ს ინფორმაციით, ორგანიზაცია 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის იანვრამდე რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან აქტიურ კომუნიკაციაში იყო, რომლის ფარგლებშიც მათივე ინფორმაციით, საია-მ რუსეთის ფედერაციას წარუდგინა მომჩივანთა საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და პირადობის დამადასტურებელი საბუთები და სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად აღსრულებისკენ მოუწოდა. 

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, 2019 წლის 19 ნოემბერს მათ წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, რომელიც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს ზედამხედველობს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ კომუნიკაციაში საია აღნიშნავდა, რომ მისი დაცვის მყოფ პირებს ამ დრომდე არ ჩარიცხვიათ კომპენსაცია მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანებმა რუსეთის შესაბამის ორგანოებს მათი მონაცემები მიაწოდებს. 

"დამატებით საია ასაბუთებდა, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და მომჩივანებისთვის კომპენსაციის გადახდა რუსეთის ფედერაციის უპირობო ვალდებულებას წარმოადგენდა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის შესაბამისად,"- წერია განცხადებაში. 

საია-ს ცნობით, 2019 წლის 29 ნოემბერს საია-ს რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ აცნობა, რომ ერთ მომჩინავს უახლოეს პერიოდში ჩაერიცხებოდა თანხა, დანარჩენ 7 მომჩივანთან მიმართებით კი რუსეთმა დამატებითი საბუთების წარდგენა მოითხოვა. ორგანიზაციის ცნობით, მათ მოთხოვნილი დოკუმენტაცია ხელახა წარუდგინეს რუსეთის იუსტიციის სამინისტროს, რის შედეგადაც 21 იანვარს მათ სამინისტრომ აცნობა, რომ 6 მომჩივანს თანხა ჩაერიცხებოდა, ხოლო მე-7 მომჩივანთან მიმართებით კვლავ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა გახდა საჭირო. 

"ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციამ საია-ს დაცვის ქვეშ მყოფ 7 პირს ჩაურიცხა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით მიკუთვნებული კომპენსაცია, ხოლო ერთ მომჩივანთან მიმართებით საია აგრძელებს კომუნიკაციას რუსეთის ფედერაციასთან,"- წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ინდივიდუალური საქმეების გარდა, რუსეთს კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდა სახელმწიფოთაშორისი საჩივრის ფარგლებშიც დაეკისრა.

2019 წლის 30 ივნისს სტრასბურგის დიდმა პალატამ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა და რუსეთს 1 500 ეთნიკური ქართველისთვის, რომელიც რუსეთმა 2006 წლის შემოდგომაზე ქვეყნიდან გააძევა, 10 000 000 ევროს გადახდა დააკისრა. 

სტრასბურგის დიდ პალატის გადაწყვეტილებით, რუსეთის სახელმწიფოს იმ ეთნიკური ქართველებისთვის, რომლებზეც მხოლოდ პროტოკოლის მე-4 მუხლის (კოლექტიური გამოძევების) დარღვევა დაადგინა, 2 000 ევრო უნდა გადაუხადოს, ხოლო მათთვის, ვისზეც ამ მუხლთან ერთად #5.1 (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და მე-3 (დაკავებისას არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა) მუხლების დარღვევაც დადგინდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ რუსეთის სახელმწიფოს 10 000-დან 15 000 ევრომდე გადახდა დააკისრა. 

რუსეთის სახელმწიფოს ეს ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებია. მინისტრთა კომიტეტმა დეპორტირებულების საქმის აღსრულების მიმდინარეობაზე 2020 წელს 3-5 მარტის სხდომაზე იმსჯელა და რუსეთი კომპენსაციის არგადახდის გამო გააკრიტიკა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები