საგანგებო მდგომარეობა საქართველოში

თალაკვაძე: რწმენის თავისუფლება არაა შეზღუდული, რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა ამის ნაწილია

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა. მან უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, გავრცელდება თუ არა შეზღუდვა რელიგიურ რიტუალებზე. თალაკვაძის თქმით, რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა რწმენის და აღმსარებლობის უფლების ნაწილია და ის არ არის პრეზიდენტის დეკრეტით შეზღუდული:

"პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის, რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი."

თალაკვაძის თქმით, თუ საჭირო გახდება, დამატებითი შეზღუდვები დაწესდება:

"ბატონ პრემიერს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. მან თქვა, რომ, თუ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შემდეგი ღონისძიებები აუცილებლად მოითხოვს ისეთი ღონისძიებების გატარებას, როგორიცაა კარანტინი ან სხვა უფლებების შეზღუდვა, ეს განხორციელდება დამატებითი დეკრეტით და პრემიერმინისტრს და მთავრობას ჩვენი სრული პოლიტიკური მხარდაჭერა ექნება.

როდესაც არის ეპიდემიის საფრთხე, მთავრობამ უნდა მოძებნოს ბალანსი რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლებასა და ჯანმრთელობის უფლებას შორის. მთავრობას მივეცით უფლება დამატებითი, უფრო მკაცრი შეზღუდების მისაღებად. ნებისმიერ დღეს, დეკრეტის გამოცემის შემდეგ, თუ ეს ბალანსი შეიცვლება, საჭირო გახდება დამატებითი ზომების მიღება, ასეთი ზომები იქნება მიღებული მთავრობის მიერ და მას ექნება პარლამენტიდან სრული პოლიტიკური მხარდაჭერა."

თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ ეკლესია სახელმწიფოს დაეხმარება იმაში, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება:

"სახელმწიფოს და ეკლესიას, რელიგიურ ორგანიზაციებს შორის, არსებობს ძალიან კონსტრუქციული, ხანგრძლივი ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ამ პერიოდში, როდესაც მსოფლიოში არის COVID-19-ის პანდემია და საქართველომ ეფექტურად მოახერხა ვირუსის გავრცელების შეკავება პირველ ეტაპზე, თუ კი ამის საჭიროება იქნება, იმედი გვაქვს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია და ყველა რელიგიური ორგანიზაცია მაქსიმალურად დაეხმარება სახელმწიფოს, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება და შემდგომი ღონისძიებების მიღება."

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ერთი თვის ვადით. მომხრე იყო 115 დეპუტატი, წინააღმდეგი 2.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერმინისტრის თანახელმოწერით ბრძანება უკვე გასცა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში ბრძანების გამოცემისთანავე შევიდა, თუმცა მას გასაგრძელებლად 48 საათის განმავლობაში პარლამენტის მხარდაჭერა იყო საჭირო.

საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გაგრძელდება.

რა წერია პრეზიდენტის ბრძანებაში და რა შეზღუდვებს ითვალისწინებს მის მიერ გაცემული დეკრეტი ნახეთ აქ.

კომენტარები