ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია მრევლს მოუწოდებს სახლებში ილოცონ

ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლს მოუწოდა თავი შეიკავონ ეკლესიებში მისვლისაგან და სახლებში ილოცონ.

"ეს არ არის ღვთისმსახურების უარყოფა, ეს შინაგანი მსხვერპლია, რომელიც გაღებულია იმისათვის, რომ დავიცვათ სხვა მორწმუნეთა ჯანმრთელობა. გამოიჩინეთ სიბრძნე და დარჩით სახლებში. ჩვენ, ქრისტიანი მწყემსები, თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის უფლის სახლში ვილოცებთ." თქვა ეკლესიის ლიდერმა სატელევიზიო გამოსვლაში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო ბულგარეთში დაიხურა პარკები და მოედნები. აიკრძალა არა აუცილებელი გადაადგილება ქალაქებს შორის. დაიხურა სკოლები, უნივერსიტეტები, რესტორნები და ბარები.

ქვეყნის პარლამენტმა არმიას მიანიჭა უფლება ხელი შეუწყოს მოსახლეობის დიდი ჯგუფების გადაადგილების აღკვეთას. გარდა ამისა, კარანტინში მყოფთა მონიტორინგისათვის დაუშვეს მათი მობილური ოპერატორებისაგენ მიღებული მონაცემების გამოყენება.

ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 163 შემთხვევაა გამოვლენილი, დაიღუპა 3 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ ყველა სახის საეკლესიო მსახურება დროებით შეჩერდა საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიაშიც. ეკლესიები კვლავ ღიაა ინდივიდუალური მლოცველებისათვის.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, კვირას, 22 მარტს საკვირაო ლოცვას ჩვეულებისამებრ ჩაატარებს.

კომენტარები