კორონავირუსი საქართველოში

ექიმი არჩილ მარშანია ერთი კოვზით ზიარებაზე: პრობლემაა, რომელიც ცალსახად საფრთხეა

Facebook / არჩილ მარშანია

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ზიარებისას ერთი კოვზის გამოყენება რისკის შემცველია, რადგან COVID-19 წვეთოვანი გზითა და საერთო მოხმარების საგნებით გადადის.

"ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ევქარისტიაზე ან თვითონ რელიგიურობის არსზე საუბარი, რომ პოტენციურად, ეპიდემიოლოგიურად საშიშია, რა თქმა უნდა არაა. პრობლემა არის კოვზი და საერთო მოხმარების საგნები, რომლებიც რელიგიურადაც კი არ წარმოადგენენ არანაირ სიწმინდეს, შესაბამისად იმის თქმა, რომ თავად რელიგიაა პრობლემა, ან შესრულებული საიდუმლო, რა თქმა უნდა არასწორია. პრობლემა არის კოვზი, რომელიც ცალსახად საფრთხეა", - ამბობს არჩილ მარშანია.

ტაბულას კითხვაზე, არსებობს თუ არა ტაძარში მსახურებისას, სადაც ათეულობით, ხანდახან კი ასეულობით ადამიანი იკრობება, კორონავირუსის გადადების რისკი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს აეროგენულად გავრცელებად ვირუსი არაა, უკვე ბევრი კვლევა ცხადყოფს, რომ "ჰაერში შეწონილი ვირუსები დიდხანს ჩერდება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში, რამდენიმე საათიც კი - შესაბამისად დახურულ სივრცეში ბევრი ადამიანის ყოფნა შეიცავს რისკს".

ექიმის შეფასებით, ამ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ COVID-19-ის გავრცელება ძალიან სწრაფად ხდება და შესაბამისად ეს იმის არგუმენტია, რომ ვირუსი მხოლოდ წვეთოვანი გზით არ გადადის.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვის მიუხედავად, დღეს სამების საკათედრო ტაძარში წირვა მაინც ჩატარდა.

გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, თქვა, რომ შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც ეხებოდა.

თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საპირისპირო განცხადება გააკეთა - "პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის, რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი".

ცნობისთვის, 20 მარტს შეკრებილმა წმიდა სინოდმა, ეპიდემიას უმოქმედობით უპასუხა - ღვთისმსახურებები არ შეაჩერა და არც ზიარების წესი შეცვალა.

კომენტარები