კორონავირუსი

"იკრძალება ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები" - მთავრობის დადგენილება

ქელეხის სუფრა

საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით იკრძალება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია. ასევე, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. მთავრობა განმარტავს, რომ საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელ მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.

"იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები)" - განმარტავს საქართველოს მთავრობა.

შეზღუდვა არ ეხება:

ა) სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით;

ბ) საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუ მათზე არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა;

გ) სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

5. 10-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა, მათ შორის, იმ კერძო დაწესებულებებში, რომელთა მიმართაც არ ვრცელდება საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა, დასაშვებია ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში საგანგებო სიტუაცია 21 აპრილამდეა გამოცხადებული.

კომენტარები