კორონავირუსი

ორი დღეა, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების ახალი შემთხვევები იკლებს

BBC

ბოლო ორი დღეა, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების ახალი შემთხვევები იკლებს. 23 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში დაავადების 4,790 ფაქტი დადასტურდა. 22 მარტს ეს მონაცემი 5560 იყო, ხოლო 21 მარტს - 6557.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, 23 მარტს იტალიას 602 ახალი გარდაცვლილი ჰყავს, 22 მარტს ეს მაჩვენებელი 651 იყო, ხოლო 21 მარტს - 793. ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების შემდეგ, ერთ დღეში დაინფიცირების და სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ 21 მარტს დაფიქსირდა.

23 მარტის მონაცემებით, ჯამურად იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 6,078-ია, ინფიცირებულთა კი - 63,928. აქედან 7,432 გამოჯანმრთელდა. ქვეყანას კორონავირუსისგან ყველაზე მეტი დაღუპული ჰყავს. იტალიამ 19 მარტს გადაუსწრო ჩინეთს, საიდანაც დაიწყო ეპიდემია და სადაც 3,270 პირია გარდაცვლილი.

ამ დროისთვის, იტალიაში კორონავირუსით დაავადებული 50,418 ადამიანიდან 3,204-ის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

იტალია 10 მარტიდან მთლიანად კარანტინის ზონად არის გამოცხადებული. 21 მარტიდან, ლომბარდიაში, იტალიის კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში, ჩაკეტვის ზომების გატარების უზრუნველყოფაში სამხედროებიც ჩაერთვნენ. იტალიაში კორონავირუსით სიკვდილიანობა 8%-ია. ეს გაცილებით მაღალი მონაცემია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა. ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია, ინფიცირებულთა - 63 წელი. დაღუპულთა 75%-ზე მეტს მაღალი წნევა ჰქონდა, დაახლოებით 35%-ს - დიაბეტი, 1/3-ს კი, გულის დაავადება აწუხებდა.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა მხოლოდ 0.8%-ს არ ჰქონდა რამე დაავადება. 48.5%-ს სამი ან მეტი დაავადება სჭირდა, 25.6%-ს - ორი, ხოლო 25.1%-ს - ერთი მაინც. 

აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგად, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 18%-ის მონაცემები შეისწავლეს. 

მსოფლიოში კორონავირუსი 366,857 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა - 16,098, ხოლო გამოჯანმრთელდა - 101,065.

კომენტარები