ერთ-ერთი, ვისაც დღეს Covid-19 დაუდასტურდა, აშშ-დან ჩამოსული ექიმია, ის კოლეგებს შეხვდა

partner.sciencenorway.no

ერთ-ერთი ადამიანი იმათგან, ვისაც დღეს, 24 მარტს Covid-19 დაუდასტურდა, ექიმია.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფლების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ თქვა, რომ ეს პაციენტი აშშ-დან ჩამოვიდა, პაციენტებთან და კოლეგებთან კონტაქტი დღენახევრის განმავლობაში ჰქონდა. ამ ეტაპზე მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა სიმპტომები.

"ამდენად, იმ პერიოდში, ნაკლებად უნდა ყოფილიყო გადამდები, თუმცა, იმ ხალხი გამოკვლევას ექვემდებარება", - თქვა მან.

მოგვიანებით ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დააზუსტა:

"მინდა გითხრათ, რომ ამ პაციენტს ჰქონდა კოლეგებთან შეხვედრა, მაგრამ ის მაშინ ჯანმრთელი იყო. მან სამსახურში სიარული შეწყვიტა და რამდენიმე დღის შემდეგ გამოუვლინდა კლინიკა. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ მასთან არსებული კონტაქტები არ ჩაითვლებიან, როგორც ინფიცირებულთან კონტაქტები. ყოველ შემთხვევაში, ამ ქალის კონტაქტების მოკვლევა გაგრძელდება".

24 მარტის 19:00 საათის მდგომარეობით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 70 შემთხვევა გამოვლინდა. განიკურნა 9 ადამიანი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა 252 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში - 4055;

ქვეყანაში 21 მარტიდან გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. ამასთან, მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა დახურულ საკარანტინე ზონებად. კორონავირუსი დაუდასტურდა 62 წლის მარნეულელ ქალს, რომლის კონტაქტების ჯაჭვში დაახლოებით 1700 ადამიანია. ქალი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე. აღსანიშნავია, რომ მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსში ქალს 4 დღის განმავლობაში გრიპზე მკურნალობდნენ და მხოლოდ სუნთქვის გაძნელების შემდეგ მოხდა მისი კორონავირუსზე ტესტირება.

კომენტარები