ახალი კორონავირუსი

პომპეო: ჩინეთი მსოფლიოს კორონავირუსზე საჭირო ინფორმაციას კვლავ უმალავს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

25 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია მსოფლიოს ინფორმაციას კვლავ უმალავდა, რაც შემდგომი შემთხვევების თავიდან არიდებაში სჭირდებოდათ.

პომპეომ ინტერვიუში ჩინეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ვირუსზე ინფორმაციის გაზიარების გადადებაში, რაც მსოფლიოში "ათასობით სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს".

"მე შეშფოთებული ვარ - ინფორმაციის დამალვა, დეზინფორმაცია, რაშიც ჩინეთის კომუნისტური პარტიაა ჩართული, [ის] კვლავ უარს ეუბნება მსოფლიოს იმ ინფორმაციაზე, რაც სჭირდება, რათა შემდგომი დაავადების შემთხვევები თავიდან ავირიდოთ," - განაცხადა მან.

პომპეომ რუსეთი და ირანიც დაადანაშაულა ვირუსზე დეზინფორმაციის კამპანიის გატარებაში.

"რუსეთისგან, ირანისგან და ასევე ჩინეთისგან დეზინფორმაციის კამპანია გრძელდება. ისინი ამბობენ, რომ [ვირუსი] აშშ-ის არმიისგან მოვიდა და ასევე იძახიან, რომ შესაძლოა ეს იტალიაში დაიწყო," - თქვა პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ჩინეთი პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად ყველაფერს ამბობდა.

"ბრალდების დრო მოვა," - პომპეოს თქმით, მნიშვნელოვანი იყო, მსოფლიოს გაეგო, თუ რა ხდებოდა რეალურად.

"ეს მიმდინარე კრიზისია და დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ დღეს ყოველი ქვეყანა გამჭვირვალეა, აზიარებს იმას, რაც რეალურად ხდება, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ, საერთაშორისო ჯანდაცვამ, ინფექციური დაავადებების ინსტიტუტებმა მუშაობა დაიწყონ".

პომპეომ განაცხადა, რომ მომავალში აშშ-ჩინეთის ურთიერთობების სტრუქტურასთან დაკავშირებით "ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ".

ჩინეთმა პომპეოს განცხადება ეპიდემიის "პოლიტიზირებად" შეაფასა.

პომპეომ ინტერვიუში ასევე თქვა, რომ მიწოდების ქსელთან დაკავშირებითაც არსებობდა გამოწვევები, კომპანიების "რომლებსაც ჩინეთიდან აქვთ მიწოდების ქსელები, მაგრამ არა აქ შეერთებულ შტატებში".

აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ თეთრი სახლი ამზადებდა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც პანდემიის ფონზე ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან სამედიცინო მიწოდების ჯაჭვების რელოკაციაში დაემხარებოდა.

ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ არასდროს უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე "რაც ჩვენი გადარჩენისთვისაა აუცილებელი".

"ჩვენი სამომავლო მიზანი უნდა იყოს ამერიკული მედიცინა ამერიკული პაციენტებისთვის და ამერიკული მარაგი ამერიკული საავადმყოფოებისთვის," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჩინეთი ირწმუნება, რომ აშშ-ს კორონავირუსზე ინფორმაციას 3 იანვრიდან უზიარებს, რაზეც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მორგან ორტაგუსმა განაცხადა - "3 იანვრამდე ჩინელი მაღალჩინოსნების ბრძანებით ახალი კორონავირუსის ნიმუშები განადგურდა, ვუხანელი ექიმები გააჩუმეს და ონლაინსივრცეში საზოგადოების შეშფოთება ცენზურით ჩაახშეს".

24 თებერვლის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები. 

დეზინფორმაციის კამპანია ავრცელებს უსაფუძვლო კონსპირაციის თეორიებს იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების უკან აშშ დგას, რითიც მსოფლიოს თვალში ამერიკის იმიჯის შელახვას ცდილობენ. 

საპასუხოდ, 4 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ პანიკის გავრცელების მიზნით, რუსეთს საზღვარგარეთიდან კორონავირუსზე ყალბ სიახლეებს უგზავნიდნენ.

17 მარტს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა, რადგან მან ახალ კორონავირუსს "ჩინური ვირუსი" უწოდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თავად გაავრცელა შეთქმულების თეორია, რომ ვირუსი ჩინეთის ვუჰანის რეგიონში, სადაც ის პირველად 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა, აშშ-ის არმიამ შეიტანა.

ამჟამად აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 54 968 შემთხვევა გამოვლინდა, დაღუპულია 786 პირი, გამოჯანმრთელებულია 379.

მსოფლიოში კორონავირუსი 435 353 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 19 618, გამოჯანმრთელებულია 111 870.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები