რუსეთის ფედერაცია

რუსები მომდევნო კვირაში არ იმუშავებენ, გადაიდო რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

0 კომენტარი
ვლადიმირ პუტინი ფოტო: Reuters

კორონავირუსისგან თავის დასაცავად რუსეთის ფედერაციამ მკაცრი ზომების მიღება დაიწყო. პრეზიდენტ პუტინის თქმით, მომდევნო კვირაში, 28 მარტიდან 5 აპრილამდე რუსები არ იმუშავებენ. შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმათზე, ვინც აუცილებელ სამუშაოს ასრულებს.

მიმართვაში პუტინმა ისაუბა ეკონომიკურ და სოციალურ ზომებზე, რაც მოიცავს კორონავირუსით დაავადებულთათვის ვალების შემსუბუქებას და მცირე და საშუალო ბიზნესის გაბანკროტებისგან დაცვას.

გარდა ამისა, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. 22 აპრილს გასამართი რეფერენდუმი პუტინს უფლებას მისცემდა, პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ორი ვადით დარჩენილიყო.

პუტინს 2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო, თუმცა ახალი ცვლილება მას ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს კიდევ ერთი, ან ორი ვადით იყაროს კენჭი და ძალაუფლებაში კიდევ 6 ან 12 წლით დარჩეს.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით იცვლება მთავრობის დანიშვნის წესი. ცვლილების ამოქმედების შემდეგ, მთავრობის მეთაურს, მინისტრებსა და მოადგილეებს დუმა დაამტკიცებს. ასევე უქმდება საკონსტიტუციო შეზღუდვა ზედიზედ ორ საპრეზიდენო ვადასთან დაკავშირებით. ცვლილების მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს მიეცემა უფლება გააუქმოს და გადასინჯოს ფედერაციული კანონების კონსტიტუციურობა. ამავდროულად საკანონმდებლო გადასინჯვების ინიცირების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს ექნება.

სწორედ 15 იანვარს დაანონსდა საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებაც, რომელიც 22 აპრილს გაიმართება. ამ დღესვე სრული შემადგენლობით გადადგა რუსეთი მთავრობა. თანამდებობა დატოვა დიმიტრი მედვედევმა, მისი ადგილი რუსეთის საგასახადო სამსახურის ყოფილმა უფროსმა მიხაილ მიშუსტინმა დაიკავა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები