კორონავირუსი

რუსეთი კორონავირუსის გამო საერთაშორისო ფრენებს აჩერებს, მოსკოვში ბარები და პარკები იკეტება

0 კომენტარი

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, რუსეთი საერთაშორისო ფრენებს აჩერებს. მთავრობის გადაწყვეტილება 27 მარტს შევა ძალაში. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, ფრენები უცხოეთიდან რუსეთის მოქალაქეების დასაბრუნებლად შესრულდება.

კორონავირუსის გამო, მოსკოვში ყველა რესტორანი, ბარი, მაღაზია და პარკი დაიკეტება. მუშაობას მხოლოდ აფთიაქები და სურსათის მაღაზიები გააგრძელებენ. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი იყო, რადთა კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალონ და ინფიცირებულთა რაოდენობა შეამცირონ. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 182 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 136 მოსკოვში. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ჯამში 840 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 3 ადამიანი.

კლინიკაში სტუმრობისას, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ მოსკოვში COVID-19-ით რეალურად "მნიშვნელოვნად მეტი დაავადებული პირია." მისი თქმით, მოსკოველებს, რომლებიც უცხოეთიდან ქვეყანაში დაბრუნდნენ, ტესტირება არ ჩატარებიათ.  

გასულ კვირას ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ რუსეთმა კორონავირუსის გავრცელების შენელება "ადრეული, აგრესიული მეთოდებით" შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ჩინეთთან საზღვარი აქვს, ქვეყანამ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია იანვარში გაავრცელა.  

10 მარტს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში რუსი აქტივისტი და ექიმი, ანასტასია ვასილევა ამბობს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება ცდილობს, ხელოვნურად შეამციროს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი და სიმპტომების მქონე პირებს პნევმონიის მქონე პაციენტებად ნიღბავს. ის ხელისუფლებას ტყუილსა და კორონავირუსის გავრცელების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები