სააკაშვილის ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა პირბადეები რეკომენდაციების დარღვევით დაარიგეს

ნაციონალურმა მოძრაობის და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ზუგდიდში მოსახლეობას პირდაბეები, სადეზინფექციო ხსნარი და ხელთათმანები დაურიგეს.

ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეომასალა რადიო "ათინათმა" გაავრცელა.

გადამდები ვირუსის თავიდან აცილების მიზნით ჩატანილი საშუალებების მოქალაქეებსთვის გადაცემა ყველა რეკომენდაციის დარღვევით მოხდა. ზუგდიდის ბულვართან ათობით ადამიანი მჭიდროდ იდგა და თავის რიგს ელოდა.

"ყველას უნდა ეს სადეზინფექციო ხსნარები მიიღოს. ხალხი ბევრია, რიგს დავარეგულირებთ და ისე დავარიგებთ. არცერთი ადამიანი არ დარჩება პირბადისა და სადეზინფექციო ხსნარის გარეშე“, - თქვა ენმ-ის წევრმა, დათა შელიამ.

სააკაშვილის ბიბლიოთეკის წარმომადგენლის, დიმიტრი შაშკინის თქმით, მას შემდეგ, რაც ორგანიზატორებმა ნახეს, რომ სოციალური დისტანციის დაცვა არ იყო უზრუნველყოფილი, ამ საშუალებების დარიგება შეწყვიტეს.

"პირბადეები რიგდება საქართველოს ბევრ ქალაქში, რუსთავში, მარნეულში, ზუგდიდში და ა.შ ეს კეთდება იმიტომ, რომ მთავრობამ მოსახლეობა ვერ უზრუნველყო დამცავი საშუალებებით და ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს ფიზიკური შესაძლებლობა, იყიდოს, იმიტომ რომ ან არ იყიდება, ან ღირს ძალიან ძვირი. ამიტომ ახალგაზრდული ჯგუფები ამას აკეთებენ მთელი საქართველოს მასშტაბით, ეს კეთდება ძალიან წარმატებულად და ხალხი არის ძალიან მადლობელი.

ზუგდიდში მას შემდეგ, რაც ორგანიზატორებმა ნახეს, რომ მოვიდა ძალიან ბევრი ხალხი და პოლიციის ის 2 ეკიპაჟი, რაც იყო მოსული, ვერ უზრუნველყოფდა დისტანციის დაცვას, რაც ყველასთვის გასაგებია, ორგანიზატორებმა შეწყვიტეს დარიგება და ის განახლდება მხოლოდ იმის შემდეგ, რაც სოციალური დისტანციის დაცვა იქნება შესაძლებელი", - უთხრა შაშკინმა ტაბულას.

მოგვიანებით ზუგდიდში მომხდარს ენმ-ის წევრი, ნიკა მელიაც გამოეხმაურა. მან ფეისბუქზე დაწერა, რომ ორგანიზატორები ხალხის ამელა ნაკადს არ ელოდნენ, ამასთან, მათ პოლიცია არ ეხმარებოდა, თუმცა, მათ მაინც უნდა ჰქონოდათ გათვლილი ყველა შესაძლო სცენარი.

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო ზონებაც გამოცხადდა, ვინაიდან მარნეულში დაინფიცირდა 60 წელს გადაცილებული ქალი, რომლის კონტაქტების ჯაჭვშიც 1700-ზე მეტი ადამიანია.

სულ საქართველოში, 26 მარტის 15:00 საათის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირების 77 ფაქტია დადასტურებული, მათგან 10 განიკურნა. ერთ-ერთი ინფიცირებული ზუგდიდის სოფელ ზემო ეწერის მკვიდრია.

კომენტარები