იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში კორონავირუსის 1 შემთხვევა დადასტურდა

The Insurance Journal

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში, სადაც იმავე ტესტებით ხელმძღვანელობენ, რითიც ლუგარის კვლევითი ცენტრი თბილისში, ახალი კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა. 

ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ, დაუდასტურა. გიორგიძე ვერ გვპასუხობს შეკითხვაზე, ეს შემთხვევა შედის თუ არა იმ 79 შემთხვევაში, რომელზეც აქამდე გვქონდა ინფორმაცია, თუმცა ამბობს, რომ ტესტებზე პასუხი დღეს საღამოს მოვიდა, 79 ინფიცირებულის შესახებ კი ინფორმაცია დღის პირველ ნახევარში გავრცელდა. 

როგორც გიორგიძემ ტაბულას უთხრა, ამ შემთხვევაში შიდა გადაცემა არ ყოფილა.

"ინფიცირებული უცხოეთში იმყოფებოდა, საიდან ჩამოსვლის შემდეგაც ის საკარანტინო რეჟიმში იყო,"- გვითხრა გიორგიძემ. 

ახალი კორონავირუსის შესახებ სპეციალურ საინფორმაციო ვებგვერდზე - stopcov.ge ამ დრომდე 79 ინფიცირებულია მითითებული, მათგან 11 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები