კორონავირუსი საქართველოში

ბოკერია: იმნაძემ და გამყრელიძემ მკაცრად უნდა შეაფასონ რელიგიური ორგანიზაციებიც

0 კომენტარი
გიგა ბოკერია ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, პოლიტიკური ჯგუფის მიმართ ზუგდიდში პირბადეების წესების დარღვევით დარიგების გამო კრიტიკა დამსახურებული იყო. ამავდროულად, ბოკერია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარეს, ამირან გამყრელიძესა და მის მოადგილეს, პაატა იმნაძეს მოუწოდებს, რელიგიური ორგანიზაციები ისევე მკაცრად შეაფასონ, როგორც ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი შეაფასეს. 

"თხოვნა მაქვს მათთან, რომ იყვნენ თანმინდევრული - როდესაც ასე მკაცრად დამსახურებულად აფასებენ ამას, ასეთივე მკაცრი შეფასება ჰქონდეთ რელიგიური ორგანიზაციების, ნებისმიერი, მათ შორის მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ, სადაც რისკები ბევრად მეტია, როცა საუბარია ერთი კოვზით ზიარებაზე. აქ ჩვენ ასეთი მყარი გზავნილი ვერ მოვისმინეთ და ეს ცუდია", - თქვა გიგა ბოკერიამ. 

ბოკერიას ასევე აღნიშნა, რომ ინციდენტი სახელისუფლებო პროპაგანდამ ამ პოლიტიკური გუნდისა და მთლიანად ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანიისთვის გამოიყენა.  

"ევროპულ საქართველოს ჰყავს 50 მოხალისე, რომლებმაც გაიარეს ძალიან მკაცრი ტრენინგი ლუგარის ლაბორატორიის რჩევების მიხედვით. იქ ჩვენმა ტრენერებმა თვითონ გაიარეს ტრენინგი", - თქვა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, კარგია, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა შეცდომა სწრაფადვე აღიარეს, თუმცა "ცუდია, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფმა ლიდერმა დაიწყო საუბარი რაღაც შეთქმულებასა და პროვოკაციაზე." 

"გასაგებია სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან სურვილი, რომ დაეხმარონ ჩვენს ქვეყანას, რაც ნორმალური კი არა, საჭიროც არის. ბუნებრივია, ეს დახმარება არ შეიძლება, რომ იქცეს საფრთხედ", - თქვა ბოკერიამ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები