კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: რუხის საავადმყოფო 11 სასუნთქი აპარატითა და 25 საწოლით აღიჭურვა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, რუხის საავადმყოფო 11 სასუნთქი აპარატითა და 25 საწოლით აღიჭურვა. მისივე თქმით, პერსონალის მოგროვებასთან დაკავშირებით პრობლემებია და სამინსიტრო ამ კუთხით მუშაობს. 

"ადგილზე აუცილებლად იქნება სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც თვალყურს მიადევნებს პროცესს. საავადმყოფოს აღჭურვა გაგრძელდება და საბოლოო ჯამში ჩვენ გვექნება საშუალება მივიღოთ 200-მდე პაციენტი, რომელიც როგორც მართვით სუნთქვაზე იქნება ნამართი, ასევე იქნება მოთავსებული ბოქსირებულ პალატაში და მიიღებს ყველა სახის მომსახურებას"- თქვა ტიკარაძემ.

შერიგების მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, რუხის კლინიკა მზადდება რეგიონისთვის და აფხაზეთიდან მომართვიანობის შემთხვევაში დიაგნოსტირებისა და ინფიცირებულთა მკურნალობისთვის. 

კლინიკა პაციენტების მისაღებად რამდენიმე დღეში იქნება მზად. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 85 ადამიანია ინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 14 ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინში 4641 პირი იმყოფება. ამასთან, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. 

21 აპრილამდე ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 

კომენტარები