კორონავირუსი

შსს: საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 96 მოქალაქე 3000-3000 ლარით დავაჯარიმეთ

CNN

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ვლადიმერ ბორცვაძემ ისაუბრა.

  • 96 მოქალაქე დაჯარიმდა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო.
  • 3 იურიდიული, ხოლო 8 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.
  • მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანის ფაქტზე დაჯარიმდა 5 პირი.
  • იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევაზე დაჯარიმდა 13 პირი.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირი ადმინისტრაციულად, 3
000 ლარით ჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტისა და მთავრობის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით, დაწესებულია სხვადასხვა შეზღუდვები, მათ შორის:

  • აიკრძალა საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება;
  • იმ ობიექტებში, რომელთა მუშაობაც არ შეჩერებულა, დადგინდა 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება;
  • მთელი ქვეყნის მასშტაბით შეჩერდა ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა;
  • დაწესდა შეზღუდვები ეკონომიკურ საქმიანობაზე
  • აიკრძალა საკარანტინო ზონების თვითნებური დატოვება.

აღსანიშნავია, რომ ათ პირზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვა არ შეეხო ეკლესიას. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საჯარო ღვთისმსახურებებს არ წყვეტს და მხოლოდ დისტანციის რეკომენდაციით შემოიფარგლება. კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე გადასვლის მიხედავად, უცვლელი რჩება ერთი კოვზით ზიარების წესიც.

კომენტარები