ახალი კორონავირუსი

რამდენ ხანში გადაიარა COVID 19-ის პიკმა სხვადასხვა ქვეყანაში

0 კომენტარი
ფოტო: KFGO

ევროპაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების ზრდის პარალელურად, აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, შესაბამისი ზომების მიღების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ დაავადებით დაინფიცირების პიკმა გადაიარა.

მაგალითისთვის, ჩინეთში 20 იანვრიდან ერთ დღეში დაინფიცირების აღრიცხული შემთხვევები 100-ის ფარგლებში იყო, თებერვლის შუაში კი თითო დღეში დაინფიცირების ათასობით ახალი შემთხვევა აღირიცხებოდა. მარტის დასაწყისში კი დღიური დაინფიცირება, ოფიციალური მონაცემებით, კვლავ 100-ის ფარგლებში მერყეობდა, რის შემდეგაც რიცხვებმა კლება ისევ გააგრძელეს. 12 და 13 მარტს ჩინეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ აღრიცხულა, თუმცა თვის ბოლოს, გარკვეული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, დღეში კვლავ აღირიცხებოდა დაინფიცირების 100-ზე მეტი შემთხვევა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთის სტატისტიკური მონაცემების სანდოობა მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

რაც შეეხება სამხრეთ კორეას, ვირუსის პირველი შემთხვევა აქ 22 იანვარს აღირიცხა, თუმცა 20 თებერვლამდე დღიური შემთხვევების რაოდენობას შვიდისთვის არ გადაუჭარბებია, ძირითადად კი ერთის, ან სულაც ნულის ტოლი იყო. 20 თებერვალს სამხრეთ კორეაში 73 ახალი შემთხვევა აღირიცხა და ვირუსის მასობრივი გავრცელებაც აქედან დაიწყო. დღიურმა შემთხვევებმა პიკს სამ მარტს მიაღწია, როცა 851 ახალი დაინფიცირებული აღირიცხა, 12 მარტიდან დასტაბილურდა და მას შემდეგ დღეში დაახლოებით 100 ახალი შემთხვევა აღირიცხება ხოლმე. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ დაავადების გავრცელების პიკი ხუთ კვირაში განვითარდა და იქამდე შემცირდა, რომ ჯანდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

იაპონიაში 20 თებერვლიდან დღიური შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 10 იყო. სამ კვირაში, მარტის შუისათვის, ვირუსის დღიური აღრიცხვის რაოდენობამ პიკს მიაღწია და დღეში დაახლოებით 50 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, რის შემდეგაც კლება მალევე დაიწყო და ორი დღის მერე დღეში 20 ახალი შემთხვევა აღირიცხებოდა. შესაბამისად, პიკმა იაპონიაშიც დაავადების პირველი გამოვლენიდან დაახლოებით ხუთ კვირაში გადაიარა.

რაც შეეხება ევროპას, იტალიაში, სადაც ყველაზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, 50-ზე მეტი ახალი დაინფიცირებული პირველად 22 თებერვალს გამოვლინდა. შემდეგი ერთი თვის მანძილზე დაინფიცირებულთა მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იმატებდა და 21 მარტს პიკს მიაღწია, როცა დაახლოებით 6500 ახალი დაინფიცირებული აღირიცხა, რის მერეც კლება დაიწყო. ამგვარად, იტალიაში პიკი დაახლოებით 4 კვირაში დადგა.

საფრანგეთში 29 თებერვალს 43 ახალი შემთხვევა აღირიცხა, 19 მარტს კი 1900, რის შემდეგაც ზრდა შეწყდა. ამგვარად, საფრანგეთის პიკი დაახლოებით სამ კვირაში დადგა.

როგორც სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე დაკვირვებიდან ჩანს, კორონავირუსის გავრცელება პიკს დაწყებიდან 2-4 კვირაში აღწევს, დაინფიცირებულთა მაჩვენებელის დასტაბილურება კი პირველი გამოვლენიდან 7-8 კვირაში ხდება. თუმცა, რასაკვირველია, ვადები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, თუ რამდენად დაიცავს მოსახლეობა რეკომენდაციებს და რა ზომებს გაატარებენ ქვეყნების მთავრობები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები