კორონავირუსი

გახარია: 31 მარტიდან, ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს ვაცხადებთ

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

კორონავირუსის გამო, საქართველოში "ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი" ცხადდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე თქვა. მისი თქმით, 31 მარტის დილის 8 საათიდან იკრძალება ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება როგორც ქალაქებს შიგნით, ისე ქალაქებს შორის. დასაშვები რჩება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის ტაქსით) მოძრაობა იმ შემთხვევაში თუ მასში მაქსიმუმ სამი ადამიანი იქნება,

ასევე, იკრძალება სამ ადამიანზე მეტის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიების და აფთიაქებისა, სადაც დაცული უნდა იყოს ორი მეტრის სოციალური დისტანცია. მოქალაქეებს გადაადგილების დროს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობა.

იკრძალება 70 წელს გადაცილებული ადამიანის სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის მიდის უახლოეს აფთიაქში, უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში ან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში. თუ ისინი მარტოხელები არიან, მათი დახმარების ვალდებულება აქვთ ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროებს, ასევე ადგილობრივ მუნივიპალიტეტებს.

საგანგებო მდგომარეობის ვადით ანუ 21 აპრილამდე, ცხადდება სრული კარანტინი - 21:00-დან დილის 06:00-მდე კრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებსა და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება.

"ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით, 21:00-დან დილის 06:00-მდე ცხადდება ე.წ კომენდატის საათი" - თქვა გახარიამ და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ნაწილი ვერ აცნობიერებს პრობლემის სიმძიმეს.

"ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის დინამიკა არის შემაშფოთებელი" - ამბობს პრემიერი.

გიორგი გახარიას განმარტებით, შეზღუდვები, რომლებიც 31 მარტიდან ქვეყანაში წესდება, არის არა "საყოველთაო", არამედ, "ფაქტობრივად საყოველთაო" კარანტინი.

“საყოველთაო კარეანტინი გვინდა თავიდან ავიცილოთ. ეს ნიშნავს ჩვენი მოქალაქეებისთვის სახლიდან გამოსვლის აკრძალვას.ეს დღეს ობიექტური რეალობაა ევროპის ბევრ დედაქალაქში. ჩვენ საბედნიეროდ, ვთვლით, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა იმის, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვვას ისე, რომ საბოლოოდ არ შევზღუდოთ ეკონომიკური აქტივობები ამ ქვეყანაში. ამიტომ ვცდილობთ, დავიჭიროთ ბალანსი. ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკა ვერ შეძლებს, ჩვენს ეკონომიკას არ აქვს იმხელა რეზერვები, რომ თვეების განმავლობაში უმუშევრობის და ეკონომიკის გაჩერების პირობებში ასუბსიდიროს თითოეული მოქალაქე. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა" - ამბობს პრემიერი.”

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული - აქამდე აკრძალული იყო საჯარო სივრცეში 10 ადამიანზე მეტის შეკრება, შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, ბანკების, სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა, დაიკეტა სავაჭრო დაწესებულებები. მარნეული და ბოლნისი ერთი კვირაა, მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა გადასული.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 100 შემთხვევაა დადასტურებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები