კორონავირუსი

გახარია: როცა საკითხი ეხება მოქალაქის სიცოცხლეს, ყოველთვის ვიპოვნით კომპრომისს ეკლესიასთან

მთავრობა

"სრული კარანტინი, ე.წ კომენდატის საათი ნიშნავს, რომ 21 საათიდან დილის 6 საათამდე ფუნქციონირება შეეძლებათ მხოლოდ აფთიაქებს - სხვას არაფერს, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი" - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ აღდგომის ლიტურგიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, თუ რა მიდგომა ექნება სახელმწიფოს საეკლესიო დღესასწაულებთან დაკავშირებით.

"ყველამ უნდა გავიგოთ, რომ ესაა ის მინიმუმი, რისი გაკეთებაც და დათმობაც ჩვენ შეეძლო, იმისთვის, რომ არ გამოგვეცხადებინა საყოველთაო კარანტინი" - ამბობს გახარია.

კითხვაზე, თუ ჰქონდა მთავრობას კომუნიკაცია ეკლესიასთან ზიარების წესთან დაკავშირებით, პრემიერი პასუხობს, რომ ასეთი კომუნიკაცია იყო და ასეთი კომუნიკაცია გაგრძელდება.

"კომუნიკაციის შედეგია, რომ ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები. ბევრმა ეკლესიამ მოახერხა და მოახდინა ეკლესიის ეზოების ხმის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა იმისთვის, რომ მრევლს შეეძლოს და გარეთ იმყოფებოდეს. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, მაგრამ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ - ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობაა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას, ჩვენ ყოველთვის ვიპოვნით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან.

მე ვერ წარმომიდგენია, ისევე როგორც რიგით ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რიგით მრევლს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა როგორც მთავრობისთვის, ისე ეკლესიისთვის" - ამბობს გიორგი გახარია.

კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი რისკის ფონზე არაერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ საჯარო ღვთისმსახურებებისა და წესების აღსრულება შეაჩერა - მათ შორის, მსოფლიო საპატრიარქომ. საქართველოში უკვე ერთი კვირაა, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საჯარო ღვთიმსახურებებს არ წყვეტს. უფრო მეტიც, ქვეყანა უკვე გადასულია კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე და არის შემთხვევები, როცა დაინფიცირების პირველ წყაროს ვერ ადგენენ, თუმცა, საკვირაო ღვთისმსახურებისას მრევლი ისევ ერთი კოვზით აზიარეს. წმიდა სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრებმა გადაწყვიტეს, რომ ზიარებისას ერთი კოვზით ინფექცია არ გადადის და ამიტომ, წესი არ შეცვალეს.

25 მარტს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ "ვინც უარს ამბობს ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე, "უარს ამბობს მაცხოვარზე." საპატრიარქოს განცხადების მიხედვითვე, მათ, ვინც ვირუსის გავრცელების საფრთხეს ეკლესიაში მისვლას უკავშირებს, მოძღვარი სახლში აზიარებს. 

საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, ვისაც ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, სრულ განკურნებამდე სახლში დარჩნენ, ხოლო ტაძრებში დაიცვან დისტანცია - 2 მეტრი. ტაძრის ეზოში - 1.5 მეტრი. განცხადების მიხედვით, მოძღვრებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, წირვაზე და 7-გზის ზეთისცხებაზე მრევლი კვირის სხვადასხვა დღეებში გადაანაწილონ. ზოგიერთ ტაძარში დისტანციის დასაცავად ადგილები სტიკერებით მონიშნეს. 

კომენტარები