კომუნალური გადასახადები

რამდენი ოჯახი ისარგებლებს კომუნალური შეღავათებით

Reuters

დღეს, 1 აპრილს მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა 2 მილიარდი ლარით პირდაპირ დაეხმარება მოსახლეობას კორონავირუსის კრიზისით გამოწვეული ზიანის შესარბილებლად.

დახმარების ფარგლებში მთავრობა მარტის, აპრილისა და მაისის განმავლობაში კომუნალურ გადასახადებს სრულად დაუფინანსებს იმ ოჯახებს, რომლებიც 200 კილოვატ ელექტროენერგიასა და 200 კუბურ მეტრ გაზზე მეტს არ მოიხმარენ.

როგორც ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ამბობს, ელექტროენერგიის შეღავათი 1 200 000 ოჯახს შეეხება, ხოლო გაზის - 671 000 ოჯახს.

პრემიერი გახარია და ვიცე-პრემიერი ცქიტიშვილი ხაზს უსვამენ, რომ მთავრობის ნაბიჯები "მხოლოდ დასაწყისია" და მოვლენათა განვითარების შესაბამისად, მთავრობა გააგრძელებს მასტიმულირებელი ზომების მიღებას.

"ერთმნიშნველოვნად ცხადია, რომ ჩვენ შევდივართ რეცესიის პერიოდში და შეუძლებელია, ამას არ ჰქონდეს მძიმე ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზეც," - განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, მთავრობა მობილიზებული სახსრებით ასევე გააგრძელებს "მსხვილ, სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს" და დაეხმარება სხვა დარგებსაც, გააგრძელონ მუშაობა.

მთავრობამ კორონავირუსის კრიზისის შედეგად ეკონომიკური ზიანის შესარბილებლად პირველი ნაბიჯები 13 მარტს წარადგინა. მასტიმულირებელ პაკეტში საუბარი იყო გაზრდილ ინფრასტრუქტურულ ხარჯებზე, საგადასახადო შეღავათებზე და სხვადასხვა შეღავათზე ტურიზმის სექტორისთვის.

კომენტარები