კორონავირუსი საქართველოში

21 მარტიდან დღემდე პოლიციამ მოქალაქეები 1,2 მილიონი ლარით დააჯარიმა

0 კომენტარი
ფოტო: რადიო თავისუფლება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებიდან დღემდე პოლიციამ მოქალაქეები ჯამურად 1,275 ათასი ლარით დააჯარიმა. საუბარია 21 მარტიდან 1 აპრილამდე პერიოდზე - მათ შორის, თვითიზოლაციისა და კარანტინის რეჟიმის დარღვევებზე. 

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო ჯარიმა ფიზიკური პირების შემთხვევაში 3,000 ლარია, ამდენივეა ჯარიმა თვითიზოლაციისა და კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის, იურიდიული პირების შემთხვევაში კი თანხა 15,000 ლარს შეადგენს. 

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ცნობით, საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებიდან დღემდე სულ 350-მდე ფიზიკური და 15 იურიდიული პირი დაჯარიმდა. იგივე მონაცემებს გვიდასტურებენ უწყების პრესსამსახურში. 

ამგვარად, 21 მარტიდან დღემდე საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის მიზეზით დაჯარიმებულები მოქალაქეების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 350 ფიზიკური, ჯამურად —  1,05 მილიონი ლარი;
  • 15 იურიდიული პირი, ჯამურად — 225 ათასი ლარი. 

ჯამურად გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა 1,275 ათასი ლარია. ფიზიკურ პირების სტატისტიკა იმ ადამიანებსაც მოიცავს, რომლებიც თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო დააჯარიმეს. გუშინ, 31 მარტს უკვე გამკაცრებული წესების დარღვევის 17 შემთხვევა გამოვლინდა. 

პოლიცია საგანგებო რეჟიმის დარღვევის მოქალაქეებს 22 მარტიდან აჯარიმებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები