20 ივნისი

გახარია და მისი მოადგილეები 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანებას უარყოფენ

სახალხო დამცველი 20-21 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს და 2020 წლის თებერვლის მდგომარეობით მიმდინარე გამოძიების პროცესს მიმოიხილავს. შსს-ს სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სახალხო დამცველს საგამონაკლისო წესით საქმის მასალების გაცნობის უფლება აქვს.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, გამოძიების პროცესში გამოიკითხა 625 პირი, მათ შორის - აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები, კლინიკების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სამართალდამცავები. შს მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, სამმართველოების უფროსები, რიგითი პოლიციელები. 

როგორც სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, მაშინდელი შს მინისტრის გიორგი გახარიას და მისი მოადგილეების - კახაბერ საბანაძის და ვლადიმერ ბორცვაძის ჩვენებების თანახმად, ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მათი ბრძანებით მოხდა, "ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ". ანგარიშის თანახმად, რაციების ჩანაწერითაც დასტურდება, რომ შს მინისტრს აქციის დაშლის პერიოდში რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა არ გაუცია. თუმცა, სახალხო დამცველის ცნობით, ომბუდსმენის რეკომენდაცია, რაციების ჩანაწერების ექსპერტიზის შესახებ, პროკურატურამ არ შეასრულა.

"რაციების ჩანაწერების მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრმა 20 ივნისის 23:36 წუთზე უბრძანა მის მოადგილეებსა და სხვა დაქვემდებარებულ პირებს (მათ შორის, გდდ-ს დირექტორს), რომ აქციის დაშლისას გამოყენებული არ ყოფილიყო რეზინის ტყვიები. ამის საპირისპიროდ, ტელეკომპანიების მიერ გადაღებული კადრები უთითებს, რომ რეზინის ტყვიების გასროლა მალევე, 00:00 საათის დადგომისას დაიწყო. მიუხედავად ამისა, 21 ივნისის 00:16 წუთზე გდდ-ს დირექტორმა ხელმძღვანელობას მოახსენა, რომ თოფებს არ იყენებენ. რაციის ჩანაწერების მიხედვით, რეზინის ტყვიების არგამოყენებასთან დაკავშირებით ბრძანება გამეორდა 00:36 საათზეც, რომელიც კვლავ არ შესრულებულა. 02:34 საათზე გდდ-ს დირექტორმა რეზინის ტყვიების გასასროლად დამატებითი ნებართვა ითხოვა. აღნიშნულ მოთხოვნაზე კურატორი ხელმძღვანელისგან - კახაბერ საბანაძისგან - უარი მიიღო, რომლის მიღებაც დაადასტურა. აღნიშნულის მიუხედავად, ტელეკომპანიების ჩანაწერიდან იკვეთება, რომ მალევე კვლავ გაგრძელდა რეზინის ტყვიების ხშირი სროლა" - წერია ანგარიშში.

რაციის ჩანაწერების მიუხედავად, რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანების გაცემას უარყოფს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიორგი ყაყიჩაშვილიც, რომლის მიმართაც სახალხო დამცველი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.

"მისი სამართლებრივი ვალდებულება იყო, აღეკვეთა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. ასევე, საქმეში ამ ეტაპისთვის მოპოვებული მასალებით დასტურდება, რომ მას რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული პირდაპირი ბრძანება, არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები" - წერია ანგარიშში.

ომბუდსმენის ცნობით, გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეთოფეები - თანამშრომლები, რომლებიც 20-21 ივნისს ცრემლსადენი გაზის ან/და რეზინის ტყვიებს ისროდნენ მომიტინგეების დაშლის მიზნით. მათი განმარტებით, ცრემლსადენი აირის ჭურვების გასროლაზე ბრძანება მიიღეს, ხოლო არალეტალური ჭურვები გამოიყენეს მხოლოდ საკუთარი შეხედულების მიხედვით, ხელმძღვანელობის მიერ გაცემული ბრძანების გარეშე. თანამშრომლები უთითებენ, რომ არალეტალურ იარაღს იყენებდნენ სიტუაციის მიხედვით, რადგან თავიდანვე ჰქონდათ მიღებული ზოგადი ნებართვა, რომ მზად ყოფილიყვნენ ყველა სიტუაციისთვის.

"გარდა ამისა, მათ მიუთითეს, რომ არალეტალური ჭურვების გამოყენების დროს მათი მეთაურებიც იქვე იყვნენ, თუმცა, მათთვის არ მიუციათ ბრძანება, შეეწყვიტათ რეზინის ტყვიების გამოყენება" - წერია ანგარიშში.

გამოკითხული სამმართველოების უფროსების თქმით კი, რაციით გავრცელდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის ბრძანება, მეთოფეებს აეღოთ აღჭურვილობა, მათ შორის, თოფებიც. გაზის გამოყენების შესახებ ბრძანება გასცა დეპარტამენტის დირექტორმა, ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გაცემული არ ყოფილა და თანამშრომლებმა ინდივიდუალურად გამოიყენეს სიტუაციის შესაბამისად.

სახალხო დამცველის შეფასებით, 2020 წლის თებერვლის მდგომარეობით:

  • გამოძიება ორიენტირებულია მხოლოდ ინდივიდუალურ სამართალდამცავთა დანაშაულებრივი მოქმედებების იდენტიფიცირებაზე და მათი ინდივიდუალური როლის შეფასებაზეგამოძიება არ არის მიმართული 20-21 ივნისის ღამის მოვლენების სრულ სისტემურ სამართლებრივ ანალიზზე და შესაბამისად, ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენაზე 
  • გამოძიება არ ცდილობს დაადგინოს/გამორიცხოს აქციის დაშლისას ადგილზე მყოფი პასუხისმგებელი თანამდებობის პირების უმოქმედობით ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის არსებობის ფაქტი
  • გამოძიება არ არის კრიტიკული სამინისტროს ხელმძღვანელი პირების გამოკითხვისას - არ არის დათვალიერებული გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერების დიდი ნაწილი (გარდა ცალკეული ეპიზოდებისა)
  • არ არის მოპოვებული სამინისტროს საშუალო რგოლის თანამდებობის პირების რაციის ჩანაწერები
  • არ არის დანიშნული და ჩატარებული სამინისტროს ხელმძღვანელი პირების რაციების ჩანაწერების ექსპერტიზა
  • არ არის მოპოვებული სამინისტროს ხელმძღვანელი პირების, მეთოფეების სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაცია.

2019 წლის 20 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 80 პოლიციელი. თვეების განმავლობაში, პარლამენტთან დემონსტრანტები ითხოვდნენ, აქციის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრს, გიორგი გახარიას აეღო და თანამდებობა დაეტოვობინა. მმართველმა გუნდმა კი, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა ვერ დაინახა და რამდენიმე თვეში პრემიერის პოსტზე დააწინაურა.

თავად გიორგი გახარიას ამბობდა, რომ ელოდებოდა გამოძიების დასრულებას და თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებდა, თუ 20-21 ივნისის აქციის დაშლის პროცესში "დიდი ოდენობით სისტემური გადაცდომა" დადგინდებოდა. გახარია ამბობდა, რომ ამ შემთხვევაში სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც აიღებდა.

კომენტარები