ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: შიდა გადაცემის ეტაპზე დღეში 18-20 პაციენტი ნორმაა, ჯერჯერობით სიტუაციას ვაკონტროლებთ

რადიო თავისუფლება

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ მეოთხეული, ანუ შიდა გადაცემის ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული დღეში 18-20 პაციენტი ნორმაში ეტევა და სიტუაციის კონტროლის საშუალებას იძლევა.

"ბოლო 4-5 დღის განმავლობაში 115 პაციენტიდან ავედით 148-მდე. მაგრამ ეს არ არის დიდი მაჩვენებელი. თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ ამას, ალბათ შევძლებთ, ეს ყველაფერი გადავლახოთ დიდი დანაკლისების და არეულობის გარეშე. თუ ამას შევინარჩუნებთ - დღეში 18-20 პაციენტიც რომ დაემატოს, როცა უკვე მეოთხეულ გადაცემაზე ვლაპარაკობთ, ეს ნორმაში ეტევა და ეს არ არის კატასტროფა და დიდი ტრაგედია, ეს ციფრები აბსოლუტურად მისაღებია. ნუ გვექნება უფრო დიდი მაჩვენებელი, რომელიც არაკონტროლირებადს გახდის სიტუაციას. ჯერჯერობით ყველაფერი კონტროლირებადია და იმედია, რომ ასეც დავამთავრებთ", - თქვა ეზუგბაიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 148-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 27 ადამიანი. როგორც ეზუგბაიამ თქვა, ისინი საქართველოს მასშტაბით Covid 19-ით ინფიცირების 9 მიმღებ კლინიკაში არიან გადანაწილებულები.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281;

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა შემთხვევებმა 1 მილიონს გადააჭარბა.

კომენტარები