კარანტინის წესების დარღვევა

შსს-მ ბოლო 24 საათში ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 189 მოქალაქე დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 491 ფაქტი გამოავლინა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 2 აპრილის 21 საათიდან 3 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 189 მოქალაქე დააჯარიმეს.

გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 19 მოქალაქე დააჯარიმა.

1 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

კომენტარები