უზენაესი სასამართლო

უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნა

0 კომენტარი
ფოტო: ბათუმელები

უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას უზენაეს სასამართლოში დაუდასტურეს. 

ხვიჩა კიკილაშვილი ამ დრომდე თბილისის სააპელაციოს სასამართლოს მოსამართლე იყო, 2019 წლამდე კი ხელვაჩაურის რაიონალური სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. 

მოსამართლე კიკილაშვილმა 2018 წელს ახლა უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის საქმის განხილვა დაიწყო და დაასრულა. საქმე ეხებოდა 2016 წლის ზაფხულში გონიოში, პლაჟზე მომხდარ ფაქტს, რომლის შედეგადაც არასრუწლოვნის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლები ამბობდნენ, რომ შელაპარაკების შემდეგ მათ შვილს მოსამართლე მიქაუტაძემ სცემა. 

საია-ს ცნობით, 2018 წლის 22 თებერვალს არასრულწლოვნის დედის, თამარ ხაჭაპურიძის, საქმის განხილვის დროს ხვიჩა კიკილაშვილი თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა. მიქაუტაძე მაშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო და მის უვადოდ დანიშვნაში მონაწილეობდა. 

"არც ხვიჩა კიკილაშვილს და არც გიორგი მიქაუტაძეს აღნიშნულ პროცესში არ განუცხადებიათ აცილების შესახებ მიუხედავად იმისა, რომ სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევა. გიორგი მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო ხვიჩა კიკილაშვილთან დახურულ გასაუბრებაში. მხოლოდ ამ ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ, რომ მან ინტერესთა კონფლიქტის გამო ხვიჩა კიკილაშვილის დანიშვნის შესახებ კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღო. აღნიშნულმა გაამყარა ეჭვები იმის თაობაზე, რომ გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა გავლენას ახდენდეს საქმეზე მისაღებ გადაწყვეტილებაზე, ხოლო ხვიჩა კიკილაშვილი ექცეოდეს აღნიშნული გავლენის ქვეშ,"- წერდა საია. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით, მოსამართლე მიქაუტაძეს მოსამართლე კიკილაშვილის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. 

საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც მაია კოპალეიშვილს 2019 წლის 4 დეკემბერს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. 

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს კვოტის შევსება უნდა მოხდეს "საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა".

შესაბამისად, უზენაეს სასამართლოს ახალი მოსამართლის დანიშვნის ვადა 24 ნოემბერს ამოეწურა და ახალი მოსამართლე დაგვიანებით დანიშნა. 

უზენაესი სასამართლოს პლენუმს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნის შესახებ თავდაპირველად 31 მარტს უნდა ემსჯელა, თუმცა ერთი დღით ადრე უზენაეს სასამართლოს სამართლის აკადემიის სფეროს წარმომადგენლებმა და საია-მ მიმართეს და მოუწოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე დანიშვნის პროცესი შეეჩერებინათ. 

სამართლის აკადემიის სფეროს წარმომადგენლები უზენაესი სასამართლოსთვის მიწერილ ღია წერილში წერდნენ, რომ სასამართლო ბოროტად იყენებდა არსებულ საგანგებო ვითარებას და ყოველგვარი საზოგადოებრივი კონტროლისგან თავის არიდებით ცდილობდა, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოსამართლის დანიშვნას.

31 მარტს ცნობილი გახდა, რომ უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა გადაიდო, თუმცა 2 აპრილს ის კვლავ ჩაინიშნა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები