ელექტროენერგიის გადასახადი

თელასი: თუ აბონენტმა დაფარა მარტის გადასახადი, მთავრობის თანხით შემდგომი ხარჯი დაიფარება

Creative commons

თელასი აბონენტებისათვის განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "თუ აბონენტმა უკვე დაფარა მარტის თვის გადასახადი, მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა აისახება სააბონენტო ბარათზე შემდგომში ხარჯის დაფარვის მიზნით."

გარდა ამისა, თელასში ამბობენ, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, კომპანია ქაღალდის ქვითრებს აღარ დაარიგებს და მომხმარებლებს SMS-ებით მიაწვდის ინფორმაციას:

„6 აპრილიდან, ქაღალდის ქვითრების ნაცვლად, მომხმარებლები მიიღებენ SMS-შეტყობინებას, სადაც აისახება ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების დავალიანების ოდენობა და გადახდის ვადები. შეტყობინება ასევე მოიცავს ინფორმაციას მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას კილოვატსაათებში."

თელასი კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ მთავრობის შეღავათები როგორც ელექტროენერგიის, ისევე წყლისა და დასუფთავების საფასურს მოიცავს.

„შეღავათები მოიცავს ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების საფასურის ანაზღაურებას. „თელასი“ არ განახორციელებს მთავრობის შეღავათით მოსარგებლე მომხმარებლების ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას."

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა იმ აბონენტს, რომელიც თვეში 200 კილოვატ ელექტროენერგიაზე ნაკლებს მოიხმარს, მარტის, აპრილისა და მაისის გადასახადს სახელმწიფო დაუფარავს.

კომენტარები