კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული 38 პაციენტია, შემოგვემატა 13 წლის ბავშვი

ფორმულა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი მკურნალობს. მისივე თქმით, პაციენტებს 13 წლის ბავშვი დაემატა, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა. 

"ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. იმყოფება ინფექციონისტებისა და პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ", - თქვა რატიანმა. 

ლევან რატიანის თქმით, 62 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია და ის მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გააგრძელებს.   

მისივე თქმით, მკვეთრად დადებითია კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაც და მას რამდენიმე საათში ფილტვის ვენტილაციური სისტემიდან მოხსნიან. 

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა COVID-19-ით ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს. რატიანის ინფორმაციით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეყვანისთანავე კრიტიკული იყო - ჰქონდა მწვავე წონის დეფიციტი, ძირითადი დაავადების გამო კუნთოვანი სისტემა არ არსებობდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 157 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 28 პირი. დღეს, 4 აპრილს, 1 ადამიანი - 79 წლის ქალი გარდაიცვალა.

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები