პენიტენციური სამსახური

ბურჯანაძე: ე.წ მატროსოვის ციხიდან პატიმრების გაყვანის შესახებ მედიიდან გავიგეთ

0 კომენტარი
ფოტო: Facebook/ Giorgi Burjanadze

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ე.წ მატროსოვის #9 ციხიდან პატიმრების გადაყვანის შესახებ მათ ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონიათ.

ომბუდსმენის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის, თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა #9 დაწესებულების დახურვის შესახებ ინფორმაცია დღეს მედიისგან მიიღო. ბურჯანაძის თქმით, წინა შემთხვევებში სახალხო დამცველს ყოველთვის წინასწარ ეცნობებოდა, როდესაც ციხის დახურვა ხდებოდა და სახალხო დამცველი, შესაბამისად, ყოველთვის წინასწარ ამოწმებდა იმ დაწესებულებას, სადაც პატიმრების გადაყვანა იყო დაგეგმილი. 

"ამ შემთხვევაში ასეთი კომუნიკაცია არ ყოფილა და ჩვენ მედიით გავიგეთ,"- ამბობს ბურჯანაძე მთავარი არხისთვის მიცემულ კომენტარში. 

როგორც გიორგი ბურჯანაძე ამბობს, სახალხო დამცველის წარმომადგენლები ახლა #9 დაწესებულებაში იმყოფებიან, საიდანაც ყველა პატიმარი უკვე გაყვანილია. ბურჯანაძის თქმით, მათი დიდი ნაწილი #12 (რუსთავის) ციხეში გადაიყვანეს, ხოლო ნაწილს კი - #16 დაწესებულებაში გადაიყვანენ. 

"ჩვენ პირველად საათებში დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში იმედს ვიტოვებთ, რომ მოგვეცემა შესაძლებლობა, რამდენიმე პატიმარს გავესაუბროთ, მათგან ინფორმაცია მივიღოთ, ეს გადაყვანის პროცესი როგორ წარიმართა,"- ამბობს გიორგი ბურჯანაძე. 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ე.წ მატროსოვის დაწესებულების ლიკვიდაციის ბრძანება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, 27 მარტს გამოსცა. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ე.წ მატროვოსის ციხე მოძველებულია.

"დაწესებულებაში მყოფი ყველა ბრალდებულ/მსჯავრდებული გადავიდა ქალაქ რუსთავში, N12 და N16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე, ერთერთ კორპუსში, რომელსაც, ამ მიზნით, 2019 წლის შემოდგომიდან რეაბილიტაცია ჩაუტარდა, არის კეთილმოწყობილი, უსაფრთხო და სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. 1 მაისიდან, ლიკვიდირებული N9 დაწესებულება N12 დაწესებულებას შეურთდება" - აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები