Apple - კვირაში მილიონამდე სახის დამცავ, ანტიბაქტერიულ ფარს გამოუშვებს

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Apple კვირაში მილიონამდე სახის დამცავ ანტიბაქტერიულ ფარს გამოუშვებს, რომელიც სამედიცინო პერსონალისთვის იქნება განკუთვნილი. ამის შესახებ საკუთარ Twitter-ზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ტიმ კუკმა განაცხადა. 

გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კუკმა განაცხადა, რომ თითო დამცავი ფარის აწყობას 2 წუთზე ნაკლები სჭირდება და ის სამედიცინო პერსონალისთვის არის განკუთვნილი. კუკმა, ასევე, თქვა, რომ მომარაგების ქსელის მეშვეობით კომპანიამ 20 მილიონზე მეტი სამედიცინო ნიღაბი დაარიგა. 

კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, რომ Apple სახელმწიფოსთან ერთად მუშაობს, რათა აღჭურვილობა იმ ადგილებში მიიღონ, სადაც ყველაზე მეტად ჭირდებათ. "ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მალე შევძლებთ მომარაგებას აშშ-ის გარეთ", — განაცხადა კუკმა. 

აშშ ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობით პირველ ადგილზეა, ქვეყანაში დაავადების 335 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9,500 პაციენტი. 

სულ მსოფლიოში დაავადების 1,1 მილიონ შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 63 ათასი პაციენტი.

კომენტარები