კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ჩემი პროგნოზია, რომ საქართველოში დღეში ინფიცირების 100 შემთხვევაზე მეტი არ იქნება

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის, თქმით, მისი პროგნოზით, საქართველოში დღეში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 100-ზე მეტი არ იქნება. ცერცვაძის განმარტებით, ამის თქმის საფუძველს მას ინფექციის გავრცელების დინამიკაზე დაკვირვება აძლევს. 

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი განმარტავს, საქართველოში შიდა გადაცემის ოფიციალურად აღრიცხვა მარნეულის შემთხვევის, 22 მარტის შემდეგ დაიწყო.

"საქართველოში მარნეულის შემდეგ თუ არ ვცდები გავიდა 10-12 დღე მაინც და ფიქსირდება მატება, მაგრამ არცერთ დღეს ჯერჯერობით არ ყოფილა 20 შემთხვევაზე მეტი. ეს შიდა გადაცემის სტადიისთვის, ანუ ინფექციის გავრცელების სტადიისთვის არის ძალიან ცოტა. ყველა სხვა ქვეყანაში, დღეში ფიქსირდება 500 და ზევით შემთხვევა. ჩვენთან 2 ათეულ შემთხვევას არ გადაცდენილა. 

ჩემი პროგნოზია, რომ ვერ შევინარჩუნებთ ამ სიტუაციას ბოლომდე. დღეს თუ ორი ათეულია, შეიძლება იყოს სამი ათეული, შეიძლება იყოს ოთხი ათეული, მაგრამ ჩემი მტკიცე პროგნოზია, რომ საქართველოში არ იქნება 100-ზე მეტი შემთხვევა დღეში. ამას ვამბობ ძალიან დიდი დარწმუნებით. ინფექციის გავრცელების დინამიკა მაჩვენებს ამას.

მარნეულში დაფიქსირდა უკონტროლო შემთხვევა, მაგრამ იმდენად სწრაფად იქნა აღკვეთილი, რომ მარნეულიდან და ბოლნისიდან სულ ორი-სამი ათეული შემთხვევა წამოვიყვანეთ, იგივე სამეგრელოში, იგივე სხვაგან. ამ შიდა გავრცელების ლოკალიზება ხდება მანამ, სანამ ის მოასწრებს ჭეშმარიტ შიდა გავრცელებას,"- ამბობს თენგიზ ცერცვაძე. 

ცერცვაძისვე თქმით, პიკს საქართველო 2-3 კვირაში მიაღწევს, თუმცა მისივე განმარტებით, ეს პიკი არ იქნება "აფეთქება" და ეს იქნება "მდორე პიკი", რაც შენარჩუნდება კიდევ 2-3 კვირის განმავლობაში და, დაახლოებით, თვენახევრის შემდეგ ეპიდემია წავა ქვემოთ. 

საქართველოში 7 აპრილის 19:00 საათის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 195 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 45 გამოჯანმრთელდა, სამი კი - გარდაიცვალა. 

21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ქვეყანაში გამოცხადებულია ფაქტობრივი საყოველთაო კარანტინიც, რომელიც სხვა შეზღუდვებთან ერთად 21:00-დან 06:00 საათამდე კომენდანტის საათსა და 3 ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვასაც ითვალისწინებს. 

კომენტარები