კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: კარგია თუ ქვეყანაში პნევმოკოკის აცრა დაინერგება, მაგრამ პანდემიის შემდეგ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივაზე ისაუბრა, რაც 60 წელს გადაცილებული ადამიანების პნევმოკოკის ვაქცინით აცრას გულისხმობს. 

გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში 2015 წლიდან პნევმოკოკის ვაქცინაცია ბავშვებისთვის სავალდებულოა, რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ ბავშვებში პნევმონია შემცირდა.

რაც შეეხება 60 წელს გადაცილებული ადამიანების აცრას, გამყრელიძე ამბობს, რომ ეს ბევრ ქვეყანაშია ნებაყოფლობითი და მართლაც იცავს მათ პნევმოკოკური პნევმონიების განვითარებისგან, მაგრამ თუ რა გავლენა აქვს მას კორონავირუსულ ინფექციაზე, ამაზე ჯერჯერობით კვლევები არ არსებობს. 

გამყრელიძე ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ დაინერგება პნევმოკოკის აცრა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პანდემია და ეპიდემია გადაივლის. 

"მე როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი რეკომენდაციას მივცემცი საზოგადოებას და ასევე მთავრობას, რომ კარგია, თუ დაინერგება, მაგრამ დაინერგება მას შემდეგ, როცა პანდემია დამთავრდება. ანუ თუ ჩვენ გვექნება ფინანსური რესურსი და საშუალება, რომ პნევმოკოკური ვაქცინაცია იყოს შემოტანილი ქვეყანაში მას შემდეგ, რაც პანდემია დამთავრდება, ჩვენთან ეპიდემია დამთავრდება...

იმიტომ, რომ ახლა ძალიან რთული იქნება დარჩი სახლშის კამპანიის ფარგლებში მოხუცებისა და ხანდაზმულების აცრა. ამიტომ, თუ ამის საშუალება გვაქვს, ეს გადავწიოთ, მაგრამ კარგი ინიციატივაა, რომ გრიპთან ერთად თანდათან გავააქტიუროთ ხანდაზმულები პნევმოკოკით აცრა,"- თქვა ამირან გამყრელიძემ. 

6 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, თქვა, რომ საქართველოში მცხოვრებ 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს პნევმოკოკზე აცრიან, რადგან მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებმა საქართველოში გააანალიზეს ძირითადი დაავადებები და სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზები, რის შემდეგაც, მათ დაინახეს, რომ მოწყვლად ჯგუფებში ხშირადაა განვითარებული პნევმონია. 

კომენტარები