ეკონომიკა

ეკონომიკური რეცესიის მოლოდინი და რჩევები მთავრობას - Galt &Taggart-ის კვლევა

0 კომენტარი
ფოტო: საიმონ დოუსონი / Bloomberg

საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart თავის კვლევაში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებით გამოწვეულ ეკონომიკურ ზიანს და ეკონომიკის ზრდის შესაძლო სცენარებს განიხილავს. 

კვლევაში ნათქვამია, რომ Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანი გლობალურად შესაძლოა მეორე მსოფლიოს გავლენას გაუტოლდეს. კვლევის ცალკე თავი უშუალოდ საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივებს ეთმობა.

მომდევნო თვეებში მოსალოდნელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება და უმუშევრობის მატება. ბანკი საშუალოვადიან პესპექტივაში უძრავი ქონებაზე ფასების კლებას და სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობის შემცირებას პრგონოზირებს 

კვლევაში ეკონომიკური ზრდის სამი შესაძლო სცენარია განხილული: ოპტიმისტური, საბაზისო და პესიმისტური.

ოპტიმისტური სცენარში ეკონომიკური ვარდნა მარტიდან მაისის პერიოდს მოიცავს და ივნისიდან უკვე ეკონომიკური ზრდის აღდგენას გულისხმობს. ამ შემთხვევაში 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 2,1%-ით გაიზრდება. მოვლენების ამ სცენარით განვითარების ალბათობა კი მხოლოდ 10%-ია. 

საბაზისო სცენარი კვლავინდებურად მარტიდან მაისამდე პერიოდს ვარდნას გულისხმობს. ეკონომიკის გამოცოცხლების პროცესი ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს, ხოლო ოქტომბრიდან ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს 2,7%-ით შემცირდა. მოვლენათა ამ სცენარით განვითარების ალბათობა ყველაზე მაღალია და 50%-ს შეადგენს. 

რაც შეეხება პესიმისტურ სცენარს, ამ შემთხვევაში ნაგულისხმევია, რომ მარტში დაწყებული ეკონომიკური ვარდნა წლის ბოლომდე არ შეწყდება. ამ შემთხვევაში 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით შემცირდება. მოვლენათა ამგვარი განვითარების ალბათობას ბანკი 40%-ით აფასებს. 

სამივე სცენარში საქართველოდან კაპიტალის გადინებაა მოსალოდნელი. ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ქვეყნიდან 1,2 მილიარდი დოლარი გავა, საბაზისო სცენარით 3,1 მილიარდი, ხოლო პესიმისტურ სცენარში მაჩვენებელი 4,4 მილიარდი დოლარია. 

ბანკის მიხედვით აღნიშნული დანაკარგების აღმოფხვრის რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორის იმპორტის შემცირება, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების მოგზაურობის კლება, ეროვნული ბანკის ინტერვენციები და ასევე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან 1 მილიარდი დოლარის მოზიდვაა. 

ბანკის ანალიტიკოსების აზრით, მიმდინარე მოვლენებს დაუყოვნებლივი ნეგატიური ეფექტი სასტუმროების, რესტორნების, სავაჭრო ცენტრების, გართობისა და სატრანსპორტო სექტორზე ექნება. საშუალოვადიან პერსპექტივაში პანდემია უარყოფით გავლენას იქონიებს საფინანსო, მშენებლობის, განათლების, წარმოების, უძრავი ქონებისა და წარმოების სექტორებზეც. 

ამასთანავე, საინვესტიციო ბანკი მთავრობას ანტი-კრიზისული ზომების ჩამონათვალს სთავაზობს. ესენია:

  • სოციალური ხარჯების ზრდა და ყველაზე მეტად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება;
  • ქონების გადასახადის განახევრება;
  • საგარეო დაფინანსების მოზიდვა;
  • ბიზნეს სექტორისთვის დაწესებული რეგულაციების გადახედვა, ან, დროებით შეჩერება;
  • საპენსიო შენატანების დროებით შეჩერება;
  • ბანკებისთვის დაწესებული მოთხოვნების შემსუბუქება;
  • საბანკო რეგულაციების შემდგომი შემსუბუქება;
  • ჰოსპიტალური სექტორის გაძლიერება;
  • სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორების უწყვეტი მხარდაჭერა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები