კვლევა: სადაც ბცჟ-თი მასობრივად არიან აცრილები, COVID-19-ით სიკვდილიანობა 6-ჯერ დაბალია

ჯონს ჰოპკინსის უნივერსტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის კვლევის თანახმად, იმ ქვეყნებში, სადაც მასობრივადაა ჩატარებული ვაქცინა bacillus Calmette-Guerin (ბცჟ), ახალი კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 5.8-ჯერ დაბალია.

ბცჟ ტუბერკულიზისაგან დამცავი ვაქცინაა, თუმცა ორგანიზმს სხვა ინფექციებისაგანაც იცავს და იმუნურ სისტემას აძლიერებს.

ამერიკელმა მკვლევრებმა შეადარეს სხვადასხვა ქვეყნის კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი მილიონ ადამიანზე, აგრეთვე გაითვალისწინეს ეკონომიკური ფაქტორები და ხანშიშესული მოსახლეობის წილი, რასაც სიკვდილიანობის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.

"Covid-19-თან დაკავშირებული სიკვდილიანობა იმ ქვეყნებში, სადაც ბცჟ-ს იყენებენ 5.8-ჯერ ნაკლებია, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც ბცჟ-ს არ იყენებენ," - ვკითხულობთ კვლევაში.

მოსაზრებას, რომ ბცჟ ვაქცინა ორგანიზმს კორონავირუსთან მიმართებით აძლიერებს, 31 მარტს პაატა იმნაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, "ჩვენს ქვეყანაში ბცჟ-თი აცრილი პრაქტიკულად ყველაა და ეს არ არის ახალი თაობა, ეს არის ძველი თაობაც." ამიტომაც, იმნაძის თანახმად, "თუ ეს ჰიპოთეზები მართალია, ჩვენ გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით ვიდრე სხვები არიან სხვა ქვეყნებში."

კორონავირუსის წინააღმდეგ ტუბერკულიოზის ვაქცინის bacillus Calmette-Guerin-ის (კალმეტ-გერენის ბაცილა, BCG, ბცჟ) მოქმედების კვლევა ავსტრალიაში დაიწყო. კვლევის ხელმძღვანელი, ნაიჯელ კურტისი ამბობს, რომ ვაქცინა იმუნურ სისტემას არაერთი ინფექციური დაავადების წინააღმდეგ აძლიერებს, მათ შორის ვირუსების და ბაქტერიების. აფრიკაში ტუბერკულოზზე აცრილ ბავშვებზე ჩატარებულ კვლევებში ჩანს, რომ ვაქცინა მათ სხვა ინფექციებისგანაც იცავს და მათ იმუნურ სისტემას, კერძოდ კი, ლეიკოციტებს აძლიერებს, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრილ მიკროორგანიზმებს ანტისხეულების ჩართვამდე ებრძვიან.

ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები