ახალი კორონავირუსი

ევროპის ქვეყნების ნაწილი Covid-19-ით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნას მიმდინარე თვეს გეგმავს

0 კომენტარი
ფოტო: shutterstock

ევროპის ქვეყნების ნაწილი ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვის მოხსნას მიმდინარე თვეს გეგმავს.

ავსტრიაში 14 აპრილიდან იგეგმება ისეთი მაღაზიების გახსნაც, სადაც საკვები პროდუქტები და მედიკამენტები არ იყიდება. საუბარია იმ მაღაზიებზე, რომელთა ფართობი 400 კვადრატულ მეტრს არ აღემატება. პირველი მაისისთვის იგეგმება სავაჭრო ცენტრების, სილამაზის სალონების და მსხვილი სავაჭრო ობიექტების გახსნა, მაისის შუა რიცხვებიდან კი ეტაპობრიდად უნდა გაიხსნას რესტორნები და სასტუმროებიც, თუმცა, შესაძლოა ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს იმის მიხედვით, გაიზრდება თუ არა ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი.

ამჟამად ავსტრიაში ახალი კორონავირუსი 13,453 ადამიანს გამოუვლინდა, დაიღუპა 319, გამოჯანმრთელდა 6,064.

6 აპრილს ბულგარეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა აგრარული ბაზრების გახსნას და კორონავირუსის გამო დაწესებული ჯარიმების შემცირებას. ამჟმად ქვეყანაში გამოვლენილია დაავადების 624 შემთხვევა, დაიღუპა 24, გამოჯანმრთელდა 54 ადამიანი.

დანიაში 15 აპრილს იგეგმება საბავშვო ბაღების და მეხუთე კლასამდე სკოლების გახსნა. 10 ადამიანზე მეტის შეკრებაზე, კაფე-რესტორნებზე, სპორტულ დარბაზებზე და სილამაზის სალონებზე დაწესებული შეზღუდვები 10 მაისამდე გაგრძელდება. ქვეყანაში ვირუსით დაავადების სულ 5,819 შემთხვევაა გამოვლენილი, დაიღუპა 247 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1,773.

7 აპრილიდან შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო ნორვეგიამაც. 20 აპრილიდან გაიხსნება საბავშვო ბაღები, ერთი კვირის შემდეგ კი სკოლები მეოთხე კლასამდე. აპრილშივე იგეგმება შეზღუდვების მოხსნა სილამაზის სალონებზე. ქვეყანაში სულ დაფიქსირებულია დაავადების 6,219 შემთხვევა, დაიღუპა 108, გამოჯანმრთელდა 32 ადამიანი.

ფინეთში იგეგმება შეზღუდვების მოხსნა დედაქალაქ ჰელსინკის გარშემო მდებარე რეგიონებში ტრანსპორტის მოძრაობაზე. სხვა შეზღუდვები ძალაში რჩება 13 მაისამდე. ინფიცირებულთა რაოდენობა ფინეთში 2,769-ს აღწევს, დაიღუპა 48 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 300.

ჩეხეთის მთავრობამ 7 აპრილიდან დაუშვა იმ მაღაზიების გახსნა, სადაც სამშენებლო მასალით და სპორტული ინვენტარით ვაჭრობენ. ასევე შერბილდა შეზღუდვები რეკრეაციულ ადგილებსა და აქტივობებზე. მიმდინარე კვირის შემდეგ კი იგეგმება სამოგზაურო შეზღუდვების შერბილება იმ პირებისათვის, ვინც მოგზაურობისათვის შესაფერის მიზეზს წარმოადგენს.

ქვეყანაში სულ ვირუსით დაავადების 5,589 შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 113 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 309.

ირლანდიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, ქვეყანაში ეტაპობრივად დაიწყება შეზღუდვების მოხსნა. მომდევნო კვირებში შესაძლოა გაუქმდეს მოქალაქეებისათვის სახლში დარჩენის ბრძანება და გაიხსნას დაკეტილი მაღაზიების ნაწილი. ამჟამად ირლანდიაში გამოვლენილია დაავადების 6,574 შემთხვევა, დაიღუპა 263, გამოჯანმრთელდა 25 ადამიანი.

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და ესპანეთის მთავრობებში კი არსებული მძიმე სიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვების მაისამდე გახანგრძლივებას განიხილავენ. საფრანგეთში გამოვლინდა დაავადების 117,749 შემთხვევა, დაიღუპა 12,210 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 23,206. ესპანეთში დაავადებულთა რიცხვმა 157,022-ს მიაღწია და ამ მაჩვენებლით მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება. დაიღუპა 15,843, გამოჯანმრთელდა 55,668 ადამიანი. გერმანიაში გამოვლენილია დაავადების 118,235 შემთხვევა, დაიღუპა 2,607 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 52,407. იტალიაში დაავადებულთა რიცხვმა 143,626-ს მიაღწია, დაიღუპა 18,279, გამოჯანმრთელდა 28,470 ადამიანი.

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში ამბობენ, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, მიაღწია, თუ არა ვირუსმა პიკს ქვეყანაში. ექსპერტების დასკვნას მომავალი კვირის ბოლოს ელიან. ამჟამად ქვეყანაში ახალი კორონავირუსი გამოუვლინდა 65,077 ადამიანს. დაიღუპა 7,978, გამოჯანმრთელდა 135 ადამიანი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები