ახალი კორონავირუსი საქართველოში

კობახიძე: ქობულეთში მკაცრი საკარანტინო რეჟიმია, მიტროპოლიტი დიმიტრი ეკლესიებს არ კეტავს

ბასილ კობახიძე

თეოლოგი ბასილ კობახიძე საცირკო წარმოდგენას უწოდებს იმ ფაქტს, რომ ქობულეთში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, წირვა-ლოცვების ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

"ქობულეთში კარანტინს, პოლიციასთან ერთად, სამხედროებიც უზრუნველყოფენო. ანუ როგორი მკაცრი კარანტინია და პატრიარქის ძმისშვილი, ქობულეთის მიტროპოლიტი, დიმიტრი შიოლაშვილი ეკლესიებს არ კეტავს.

მედიაც აშუქებს ამას. მთავრობა ენაჩავარდნილია. გამოდის საცირკო წარმოდგენა, სამხედროები ჯამბაზები, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ წარმოდგენის ბოლოს მონაწილეებიც და მაყურებლებიც დაიხოცებიან", - წერს ბასილ კობახიძე ფეისბუქზე.

ტაბულა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს, დიმიტრი შიოლაშვილს, დაუკავშირდა და ჰკითხა, გეგმავს, თუ არა ღვთისმსახურების დროებით შეჩერებას.

"მკაცრი საკარანტინო რეჟიმი აჭარაში მოქმედებს მხოლოდ ქობულეთის სამ სოფელში, ეს სოფლებია წყავროკა, მუხაესტატე და ლეღვა, ამ სოფლებში ღვთისმსახურება აღესრულება მრევლის გარეშე, - გვითხრა მან. სხვა ტაძრებში კი, მიტროპოლიტის თქმით, ღვთისმსახურება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

ქობულეთის მკაცრი საკარანტინო რეჟიმის აღსრულებას, შსს-ის ძალებთან ერთად, თავდაცვის ძალების II ბრიგადა უზრუნველყოფს. მოწყობილია გადაადგილების შემზღუდავი ბლოკ-პოსტები. ჯარისკაცები 7 ადგილას არიან განლაგებულები.

აჭარაში COVID 19-ზე 66 პირის ანალიზის შედეგებს ელოდებიან. პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ამ დრომდე, ახალი კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი, 20 შემთხვევა, ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. 13 აპრილის 11:00 საათის მდგომარეობით, ახალი კორონავირუსი საქართველოში 266 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 67 პირი.

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობს და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვა მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება. 12 აპრილს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბზობა აღნიშნა. ტაძრებში ხალხმრავლობა იყო, ჩატარდა ერთი კოვზით ზიარება. სამების ტაძარში ლოცვა პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

12 აპრილს სამებაში შეკრებილ მრევლს ვნების კვირეულის ღვთისმსახურებების განრიგიც გააცნეს. აღდგომის წინა ღამეს პატრიარქი სამებაში კომენდანტის საათის დროს მივა და სააღდგომო ლიტურგიას კანონდარღვევით ჩაატარებს. იქნება ლიტანიობაც.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ე.წ კომენდანტის საათია გამოცხადებული და გარეთ გასვლა აკრძალულია, ასევე, დაუშვებელია, 3 პირზე მეტის შეკრება, ვინაიდან ახალი კორონავირუსი წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა.

დახურულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ მუშაობს რკინიგზა, დახურულია სავაჭრო ობიექტები, აგრარული ბაზრები. ქობულეთის გარდა, მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამო ჩაკეტილია მარნეული, თერჯოლა და ბოლნისი. თუმცა, ეკლესია კანონს არ ემორჩილება და მათ ამისკენ არც ხელისუფლება მოუწოდებს.

კომენტარები